მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასი ეცემა - მიზეზები

ნავთობი

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები შემცირდა და ერთთვიან პერიოდში კორექციამ 9%-ს მიაღწია, ხოლო წინა წელთან შედარებით ნავთობი საშუალოდ 8%-ითაა გაიაფებული. ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 74 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 70 დოლარია; რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 69 დოლარს შეადგენს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაიაფება უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების გაჩენის პერსპექტივას უკავშირდება. ტრამპის და პუტინის საუბარმა მოლოდინი შექმნა, რომ, შესაძლოა, რუსული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციები შესუსტდეს. ეს კი ბაზარზე მიწოდების ზრდას გულისხმობს, რაც ნავთობის გაიაფებას იწვევს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნავთობის ფასების შემცირებას იწვევს, ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობაა. ჩინეთი ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია მსოფლიოში და მისი ეკონომიკის მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს გლობალურ ბაზარზე. ბოლო პერიოდში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა: ახალი სახლების ფასები წლიურ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლები დაგეგმილზე უარესი აღმოჩნდა. ეს ვითარება ინვესტორებში შიშს იწვევს, რომ ჩინეთის ეკონომიკის შესუსტება გლობალური მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც ნავთობის ფასებზე ზეწოლას ახდენს. ამასთან, აშშ-ის მთავრობა ჩინეთს ახალ ტარიფებს და სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს, რაც აზიური სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას უფრო მეტად აფერხებს.

გარდა ამისა, აშშ-ის ნავთობის მარაგები იზრდება. ენერგეტიკის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები უკვე რიგით მესამე კვირაა ზრდას განაგრძობს. თავად ეს მოცემულობა კი ფასზე ზეწოლას ბუნებრივად ამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები