48 საათის წინ დაწყებული აღმასვლის ტენდენცია გრძელდება და საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასები ისევ იზრდება.
ბარელი WTI Crude-ის ღირებულებამ 100 დოლარს გადააჭარბა, Brent-ის ფასი კი 105 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ ორი დღის წინ WTI-ს შეძენა 93.5 დოლარად იყო შესაძლებელი.
მიმდინარე ფასების ზრდის ფონზე, ძვირდება სამომავლო კონტრაქტები ანუ ფიუჩერსებიც. ივნისის კონტრაქტები ამჟამად 100 დოლარად ივაჭრება, აგვისტო-სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება 98 დოლარს შეადგენს, დეკემბრის კონტრაქტების ფასი კი 94-95 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
უკანასკნელ პერიოდში ფასების თითქმის 7%-ით ზრდის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი ჩინეთში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქება და აზიის რეგიონში ეკონომიკური აქტივობის აღდგენაა. ინვესტორებს და ტრეიდერებს აღარ აქვთ მოლოდინი, რომ COVID-19-ის გავრცელება ჩინეთში მობილობის მნიშვნელოვნად შეზღუდვას და საწვავზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვევს.
გარდა ამისა, ნავთობის ფასებზე გავლენას ახდენს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) ოფიციალური პოზიცია, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ნავთობის მიწოდების შეზღუდვამ, შესაძლოა, ერთგვარი ენერგეტიკული დეფიციტი გამოიწვიოს, რომლისთვისაც ევროპა მზად არ არის. OPEC-ი ასევე აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის სრულად ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამისათვის შესაბამისი მოსამზადებელი პერიოდია საჭირო.




























