ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, დღეს ნავთობის საერთაშორისო ეტალონის, Brent-ის ფასი 6%-ით გაიზარდა და ბარელზე $100-ს გადააჭარბა. ერთკვირიან პერიოდში ნავთობს 18%-იანი, ხოლო ერთ თვეში 35%-იანი ზრდა აქვს.
პარალელურად, ამერიკული WTI-ის ფასი ამჟამად 91 დოლარს აჭარბებს, ხოლო რუსული Urals-ის ღირებულება $81-ის ფარგლებშია.
ფასების მკვეთრი ზრდა წითელ ზღვაში ჰუსტიების მიერ საუდის არაბეთის ორ ნავთობტანკერზე განხორციელებულ იერიშს მოჰყვა, რამაც რეგიონული ომის გაფართოების შიშები გააღრმავა. ამასთან, ირანი აშშ-ის მხრიდან თავდასხმების საპასუხოდ რეგიონში იერიშების განხორციელების პირობას დებს და უარს აცხადებს ვაშინგტონთან მოლაპარაკების გაგრძელებაზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გაძვირება ინფლაციური ზეწოლის გაძლიერებასა და საპროცენტო განაკვეთების ზრდას გამოიწვევს, რაც გლობალურ ბაზრებზე ნეგატიურ განწყობებს ამძაფრებს.
ენერგეტიკული კრიზისის გამო, გლობალურ საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის ტენდენციას ვხედავთ, მაგალითად: ევროპულ ინდექსებთან საშუალოდ 1.5%-იანი კორექციაა; ხოლო ამერიკულ ინდექსებს, Nasdaq-სა და S&P 500-ს თითქმის 1%-იანი კლება აქვთ.




























