მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის მიწოდება მოთხოვნაზე სწრაფად იზრდება - როგორია IEA-ს პროგნოზები?

ნავთობი

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) თანახმად, ნავთობის მსოფლიო მიწოდება წელს და მომავალ წელს მოსალოდნელზე სწრაფად გაიზრდება, რადგან OPEC+-ის წევრები კიდევ უფრო გაზრდიან წარმოებას და ასევე, ჯგუფის მიღმა მიწოდებაც იმატებს.

IEA-ს ცნობით, მიწოდება 2025 წელს დღეში 2.5 მილიონი ბარელით გაიზრდება, რაც ადრე პროგნოზირებული 2.1 მილიონი ბარელზე მეტია. ხოლო მომავალ წელს - კიდევ 1.9 მილიონი ბარელით დღეში.

OPEC+ ბაზარზე ნავთობის მოპოვებას ზრდის მას შემდეგ, რაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ, რუსეთმა და სხვა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ წარმოების შემცირების ბოლო ეტაპი დაგეგმილზე უფრო სწრაფად შეემსუბუქებინათ. გაზრდილმა მიწოდებამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გავლენასთან დაკავშირებული შეშფოთების პარალელურად, წელს ნავთობზე უარყოფითად იმოქმედა.

IEA-ს შეფასებით, მიწოდება მოთხოვნაზე გაცილებით სწრაფად იზრდება. სააგენტო ვარაუდობს, რომ ნავთობზე გლობალური მოთხოვნა წელს დღეში 680 000 ბარელით, ხოლო მომავალ წელს 700 000 ბარელით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 20 000 ბარელით ნაკლებია.

„უახლესი მონაცემები აჩვენებს სუსტ მოთხოვნას ძირითად ეკონომიკებში და მომხმარებელთა ნდობის კვლავ დაქვეითების გამო, მკვეთრი აღდგენა შორს ჩანს“, - ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

IEA-ს მოთხოვნის პროგნოზები ინდუსტრიის დიაპაზონის ქვედა ზღვარზეა, რადგან სააგენტო განახლებადი ენერგიის წყაროებზე უფრო სწრაფ გადასვლას ელის, ვიდრე ზოგიერთი სხვა პროგნოზირების ორგანიზაცია. სამშაბათს, OPEC-მა შეინარჩუნა მოთხოვნის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, წელს ის დღეში 1.29 მილიონი ბარელით გაიზრდება - რაც IEA-ს მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.

ამასთან, მოთხოვნის პროგნოზის შემცირების მიუხედავად, IEA ვარაუდობს, რომ გლობალური ნავთობის გადამუშავების ტემპი აგვისტოში ახალ ისტორიულ მაქსიმუმს - დღეში 85.6 მილიონ ბარელს მიუახლოვდება, ივლისში 84.9 მილიონი ბარელს მიღწევის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები