გლობალურ ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებით Saudi Aramco-ს ხელმძღვანელმა განახლებული პროგნოზი გაავრცელა. ამინ ნასერის განცხადებით, ბაზარზე ნედლ ნავთობთან მიმართებით მოთხოვნა ისევ მაღალია და, სავარაუდოდ, მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთგვარი პლატო დაფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური მოთხოვნა ზრდის მკვეთრი დინამიკით არ იქნება გამორჩეული.
პლანეტის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია საკუთარ პროგნოზს იმ ფაქტით ამყარებს, რომ წელს ჩინეთი რეკორდული მოცულობის ნავთობის იმპორტს განახორციელებს და ანალოგიური ვითარება იქნება ინდოეთშიც, ეს ორი სახელმწიფო კი, მოგეხსენებათ, პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარს აერთიანებენ. თუმცა, საპირწონედ ამისა, აშშ-სა და ევროპაში მოთხოვნა მოსალოდნელზე ნაკლებია, რაც ზემოხსენებული პლატოს განმაპირობებელი იქნება.
ნასერის განმარტებით, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების შემცირება ზედმეტად გადამეტებულად ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული და სპეკულატორებს არავითარი რეალური მიზეზი არ აქვთ იმისათვის, რომ მომავალში ნავთობზე მოთხოვნის შემცირება ივარაუდონ.