მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[ნავთობისა და გაზის კორპორაციაში] არასაპატიო მიზეზით გაცდენილ დღეებზე დარიცხულმა შრომის ანაზღაურებამ 100 000 ლარზე მეტი შეადგინა - აუდიტი

სს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

დოკუმენტში წერია, რომ გამოვლინდა თანამშრომელთა ნამუშევარში დროის კონტროლის ნაკლოვანებები. კერძოდ, [ნავთობისა და გაზის კორპორაციაში] არასაპატიო მიზეზით გაცდენილ დღეებზე დარიცხულმა შრომის ანაზღაურებამ 139,723 ლარი შეადგინა

"კორპორაციის 61 თანამშრომელს ისე ჰქონდა გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი, რომ ამ პერიოდში არ სარგებლობდნენ ანაზღაურებადი/არაანაზღაურებადი შვებულებით და არც საზღვარგარეთ მივლინებაში იმყოფებოდნენ. მხოლოდ საზღვრის კვეთიდან გაანგარიშებული მონაცემების მიხედვით, არასაპატიო მიზეზით გაცდენილდღეებზე დარიცხულმა შრომის ანაზღაურებამ 139,723 ლარი შეადგინა. შედეგად, კორპორციაში არ არის დანერგილი ეფექტიანი კონტროლის მექნიზმები, თანამშრომელთა ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების აღრიცხვისა და ანაზღაურების მიზნით და არსებობს რისკი, რომ თანამშრომლებზე არასაპატიო მიზეზით გაცდენილ სამუშაო დღეებზე გაცემულია შრომის ანაზღაურება და არ არის გამოყენებული შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური ზომები.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული 61 თანამშრომლიდან აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში გათავისუფლებულია 15 თანამშრომელი", - წერს აუდიტი.

ამასთან, აუდიტმა გამოავლინა პრემიების დასაბუთებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები. კერძოდ,
კორპორაციაში არ არის დანერგილი სისტემა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა წახალისების კონკრეტული კრიტერიუმები. შედეგად, 2022-2023 წლებში 7 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით გაცემული პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

ცნობისთვის: „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ხელმძღვანელი 2022 წლის ივნისიდან, 2025 წლის ივლისამდე გიორგი ჩიქოვანი იყო. გიორგი ჩიქოვანმა თანამდებობა "პირადი განცხადების საფუძველზე" დატოვა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად ეკატერინე სისაური დაინიშნა.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია დივერსიფიცირებული კომპანიაა ენერგეტიკის სხვადასხვა სეგმენტში. კორპორაცია საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელია, რომლის ფუნქციაც არის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტრანსსასაზღვრო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები