ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად ეკატერინე სისაური დაინიშნა. წინა დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, 16 ივლისს, ის ჯერ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, დღეიდან კი უკვე გენერალური დირექტორია.
"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ახალი ხელმძღვანელი კორპორაციის თანამშრომლებს წარუდგინა.
„ეკატერინე უკვე არაერთი წელია, ამ სისტემაში მუშაობს, დარგის გამოცდილი პროფესიონალია და დეტალურად იცნობს ნავთობის და გაზის კორპორაციის საქმიანობას. თავად კორპორაცია ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ეკატერინე სისაური მანამდე კორპორაციაში ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2015-2018 წლებში ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე იყო, მანამდე კი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ნავთობისა და გაზის კორპორაცია დივერსიფიცირებული კომპანიაა ენერგეტიკის სხვადასხვა სეგმენტში. კორპორაცია საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელია, რომლის ფუნქციაც არის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტრანსსასაზღვრო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება.
15 ივლისს, ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩიქოვანმა "პირადი განცხადების საფუძველზე" თანამდებობა დატოვა.




























