ნავთობის და გაზის კორპორაციას 2022 წელს მთავრობისგან ნასესხები თანხის ნახევარი ამ დრომდე არ გადაუხდია.
230 მლნ ლარი კორპორაციამ 2022 წელს ისესხა, მიზანი ე.წ ოფციური გაზის გაზრდილი მოცულობების საავანსო წესით შესყიდვა და კომპანიის ლიკვიდობის უზრუნველსაყოფა იყო. 2024 წელს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დააკონკრეტა, რომ თანხა საჭირო იყო ერთიანად დიდი მარაგის შესყიდვისთვის, რათა გაზის ღირებულება ყოფილიყო უფრო დაბალი, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.
ფისკალური რისკების ანალიზში წერია, 2025 წელს კომპანიამ 47.7 მლნ ლარი გადაიხადა საპროცენტო სარგებლის სახით. ამ მომენტისთვის დარჩენილი სესხის ძირი კი, 110 მილიონ ლარს შეადგენს და მისი სრულად დაფარვა 2027 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი გეგმით, სესხის დაფარვა დაგეგმილი იყო 2 ეტაპად 2023-2024 წლებში, თუმცა შემდეგ კორპორაციას გადახდის გრაფიკი დაუკორექტირეს. 2024 წელს ითქვა, რომ სესხის გადახდა გრაფიკით მიმდინარეობდა და საბოლოოდ სრული გადახდა 2025 წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო.






















