საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, რატომ ასესხა სახელმწიფომ ფული ნავთობის და გაზის კორპორაციას, რატომ არ აბრუნებს ვალს გრაფიკით და ასევე, რატომ არ ამოწმებს კორპორაციას სახელმწიფო, რომელიც დეპუტატის თქმით, მაღალჩინოსნების ოჯახების დასაქმების ადგილად არის ქცეული.
საქმე ის არის, რომ საუბარია სესხზე, რომელიც მოკლევადიანი ლიკვიდურობის პრობლემების აღმოსაფხვრელად კორპორაციას 2022 წელს დასჭირდა. სახელმწიფოსგან მოკლევადიანი სესხის სახით მხარდაჭერა 230 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა 2003 წლის 30 ოქტომბერს კორპორაციასა და კომპანია „South Caucasus Pipeline Option Gas Company“-ს შორის გაფორმებული ოფციური გაზის კონტრაქტის შესაბამისად ოფციური გაზის გაზრდილი მოცულობების საავანსო წესით შესყიდვისა და კორპორაციის ფინანსური სტაბილურობის და ლიკვიდურობის უზრუნველყოფა 2022-23 წლებში საოპერაციო ხარჯების დაფინანსების მიზნით. სესხის დაფარვა დაგეგმილი იყო 2 ეტაპად 2023-2024 წლებში.
"გაზისა და ნავთობის კორპორაციას, რომელსაც ემატება და ემატება გასანაწილებელი გაზის მოცულობა, თქვენ მიეცით 300 მლნ ლარის სესხი და მაშინ თქვით, რომ ეს იყო ერთჯერადი საჭიროებისთვის და ამას ძალიან მალე დააბრუნებენო. ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტში ფული შეჰქონდეს და სიკეთე მოჰქონდეს, ამ 300 მლნ ლარიდან გრაფიკის მიხედვით უნდა დაებრუნებინა 170 მლნ ლარი და არ დაუბრუნებია. რა ხდება, გაკოტრდა ნავთობის და გაზის კორპორაცია? რატომ აძლევთ კომერციულ სტრუქტურად ფულს, რომელსაც აქვს უზარმაზარი რესურსი" - ჰკითხა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს რომან გოცირიძემ.
გიორგი კაკაურიძის თქმით, თავის დროზე თანხა არა ლიკვიდურობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, არამედ დიდი ოდენობით გაზის სასურველ ფასში შეძენისთვის გახდა საჭირო. მინისტრის მოადგილის კომენტარით ირკვევა, რომ კორპორაციას გადახდის გრაფიკი დაუკორექტირეს.
"ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემთხვევაში, ალბათ არასწორია, რომ კომერციულ ორგანიზაციას უწევს კვაზი ფისკალური საქმიანობა. კერძოდ, ყველასთვის ცნობილია, რომ გაზის ტარიფი გარკვეულწილად რაც გვაქვს მათ შორის იმის დამსახურებაა, რომ ნავთობის და გაზის კორპორაცია აკეთებს ამის სუბსიდირებას და ამიტომ გვაქვს ის ტარიფი, რომელიც გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გაზის ტარიფის მატება მოგვიწევდა. მე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რადგან კომერციული საიდუმლოა. თუმცა, გეტყვით, რომ საჭირო იყო ერთიანად დიდი მარაგის შესყიდვა, იმისთვის, რომ გაზის ღირებულება ყოფილიყო უფრო დაბალი, ვიდრე სხვა შემთხვევაში ვიყიდიდით. ამიტომ გახდა საჭირო არა 300, არამედ 230 მლნ-ს სესხება. ნაწილი დაბრუნებულია, ნაწილს წლის ბოლომდე დაუბრუნებს და ნაწილი დარჩება 2025 წლისთვის. გრაფიკის მიხედვით, კორპორაცია ამ თანხებს აბრუნებს და დააბრუნებს.
იყო გრაფიკი, შეიცვალა გრაფიკი, დღევანდელი გრაფიკის მიხედვით აბრუნებს", - განაცხადა კაკაურიძემ.
ცნობისთვის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციის (GOGC) 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ პერიოდის განმავლობაში მოგების ნაცვლად 22.2 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კორპორაცია 30.2 მილიონი ლარის მოგებაზე იყო. წლის მეორე ნახევრის ანგარიშგება კორპორაციას არ გამოუქვეყნებია.