ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და მოქმედი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მეცნიერებათა აკადემიის ცივილიზებული ფორმით რეფორმა უნდა განხორციელდეს და აკადემიის ახალ წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურება უნდა შეუჩერდეთ.
“მიუხედავად მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონის და შესაბამისი წესდების მოთხოვნებისა, აკადემია დღეისათვის, ფაქტობრივად, იქცა უფუნქციო წესდებულებად. ბოლო წლებში შეინიშნება აკადემიის საბიუჯეტო დაფინანსების ზრდის ტენდენცია, რომელიც ხმარდება ბიუროკრატიულ აპარატს, რომელიც არსებითად არაფერს ქმნის. მაგალითად, აკადემიის აპარატის შრომის ანაზღაურების ფონდი 2024 წლისათვის იზრდება 259 ათასი ლარით და მთლიანი აკადემიის ბიუჯეტი შეადგენს 4,8 მლნ ლარს. მაშინ, როდესაც 2007 წლის შემდეგ არ გაზრდილა აკადემიის წევრების(აკადემიკოსების) ყოველთვიური ანაზღაურება, რაც შეადგენს 1600 ლარს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება, ჯამში 37 მლნ, ლარი შეადგინა”, - ამბობს ის.
დეპუტატის თქმით, აკადემიამ უნდა დატოვოს აღნიშნული შენობა და მოხდეს მისი პრივატიზაცია.
"გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, მეცნიერებათა აკადემიის უზუფრუქტით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელსაც აქირავებს და არ იყენებს დანიშნულების შესაბამისად, ისტორიული შენობა, რომელიც უნიკალურ ადგილზეა განთავსებული და რომელშიც აკადემია მდებარეობს, გაცილებით სარგებლიანად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. მეცნიერებათა აკადემიამ უნდა დატოვოს აღნიშნული შენობა და მოხდეს მისი პრივატიზაცია. უნდა გაუქმდეს მეცნიერებათა აკადემიის ამ ფორმით საქმიანობა და შეწყდეს მისი საბიუჯეტო დაფინანსება. აკადემია უნდა გადავიდეს თვითდაფინანსებაზე. ანაზღაურება უნდა შეუნარჩუნდეთ აკადემიის მხოლოდ არსებულ წევრებს, ხოლო ახალ წევრებს აღარ დაენიშნოთ ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მსგავსი პრეცედენტი უკვე გვაქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც სახელმწიფო აფინანსებს აკადემიის იმ წევრებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე (26/12/2007) ჰქონდათ შესაბამისის სტატუსი”, - დასძინა მან.
რომან გოცირიძემ შესაბამისი კითხვა დაუსვა "ევროოპტიმისტების" ჯგუფის სხდომაზე. დეპუტატი დაინტერესდა, თუ როგორ წარმოუდგენია კაკაურიძეს აკადემიის ცივილიზებული ფორმით რეფორმა:
“მეცნიერებათა აკადემია უფრო ეფექტური ორგანიზაცია უნდა იყოს და უფრო მეტად უნდა იყოს სამეცნიერო კვლევების ნაწილში ჩართული. ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით რეფორმა კარგი იქნება, თუმცა, ჩემი ცოდნა არაა საკმარისი, რომ გითხრათ, როგორ უნდა განხორციელდეს მეცნიერებათა აკადემიის რეფორმა. პარლამენტს სრული შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ ამაზე მსჯელობა დაიწყოს, ამაში ჩაერთვება შესაბამისი კომიტეტი და სამინისტრო და მომხრე ვარ, რომ არა თუ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს მათი დაფინანსება , უბრალოდ იყოს უფრო მეტად ეფექტური”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.