განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში ცვლილებები განიხილეს. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას.
რომან გოცირიძის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაცია. მისი თქმით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას. ამასთან, ცვლილებები შეეხება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსების არსებული მოდელის ცვლილებას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ კომიტეტისთვის წარდგენილი ინფორმაცია განიხილა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე აკადემიის საქმიანობას ერთი კანონი არეგულირებს, დაფინანსების კომპონენტის ცვლილება, ორივე მათგანს შეეხება. ამასთან, აკადემიის წევრებისთვის დაფინანსების განსხვავებული წესის დაწესება მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, ვინაიდან თანაბარი სტატუსის მქონე პირებს კონსტიტუციის თანახმად, არ შეიძლება მიენიჭოთ განსხვავებული უფლებები და მოვალეობები.
რაც შეეხება თავად აკადემიის პოზიციას, წერილობით იყო წარდგენილი და სხდომაზე პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა ოთარ ბეჟიტაშვილმა გააჟღერა.
"საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე აკადემიის აზრით არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, რადგან საბიუჯეტო დაფინანსების მოხსნა გამოიწვევს აკადემიის მილევად რეჟიმში გადასვლას და დროთა განმავლობაში მის ლიკვიდაციას. რის გამოც, მისი მიღება დაუშვებლად მიგვაჩნია", - წერია აკადემიის მიერ გაგზავნილ წერილში.
წერილში ასევე ნახსენებია, რომ მეცნიერებათა აკადემიამ, როგორც მთავრობის მეცნიერულმა მრჩეველმა ბოლო 10 წლის განმავლობაში მთავრობას და პარლამენტს 36 რეკომენდაცია მიაწოდა.