მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობკომპანიის ინტერესი ვერ იქნება ის, რომ საწვავი ძვირი ღირდეს - შავლეგ მიშველაძე

6192050fe543d
ლიკა გურაბანიძე
15.11.21 21:50
659

“საწვავზე ფასის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასი, ვალუტის გაცვლითი კურსი და საგადასახადო გარემო, ანუ აქციზის გადასახადი", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრის ფასები ყველა რეკორდს ხსნის. მიშველაძის განმარტებითვე, როდესაც საწვავი ძვირდება, ძირითადი დარტყმა კომპანიებზე მოდის.

“ლარის კურსთან და აქციზთან დაკავშირებით მოცემულობაც ვიცით, აქციზის გადასახადი 2017 წლის შემდგომ არ შეცვლილა.

კომპანიებისთვის ურთულესი გამოწვევაა, როდესაც ორჯერ გაძვირებული საბრუნავი საშუალებების მობილიზება უწევთ. იმავდროულად, ისინი ვერ ახერხებენ მექანიკურად და სწრაფად ასახონ მომატებული ფასები მომხმარებლებზე და ათასგვარი მანიპულაციით ეს პროცესი დროში მაქსიმალურად იწელება.

ნებისმიერი საიმპორტო პროდუქტი, რომელსაც დოლარში ვყიდულობთ და ლარში ვყიდით, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ამ კონკრეტული პროდუქტის ფასი ძვირდება და თქვენ მეტი ლარის მასა გჭირდებათ იმისათვის, რომ დოლარში უკვე გაძვირებული პროდუქტი შეიძინოთ, რას გააკეთებთ? გაზრდით სარეალიზაციო ფასს ქსელში. როდესაც, თქვენ ძვირად შემოტანილი პროდუქტი გაქვთ და ის აქ არის განბაჟებული და დასაწყობებული და მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტზე ფასის კლება დაფიქსირდა, რას იზამთ? მექანიკურად მას ვერ დააკლებთ, თუმცა განახლებული მარაგების შემდგომ ამას ეტაპობრივად გააკეთებთ.

ნავთობკომპანიის ინტერესი ვერ იქნება ის, რომ საწვავი ძვირი ღირდეს. ჩვენი კომპანიები მხოლოდ გამტარები არიან, ისინი მსოფლიო ბირჟებზე საწვავს ყიდულობენ და იმპორტს ახორციელებენ.

აქციზზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ უწყებებზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამაში ბიზნესი ჩაერთვება. თუ აქციზის გადასახადი განახევრდება დაახლოებით 15-20 თეთრის სხვაობას მივიღებთ, ხოლო მეორე მხრივ ეს 300 მლნ-ია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება.” - განაცხადა მიშველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები