მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე? - ბიზნესის ხმა

ირაკლი კობახიძე

ბიზნესს ყველაზე მეტად შრომის ბაზარზე არსებული სირთულეები და ბიუროკრატია აწუხებს - ასეთია იმ ბიზნესების დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების შეფასება, რომლებმაც დღეს „ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

BAG-ის ორგანიზებული ბიზნესასოციაციის კონფერენციის მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები იყო. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BAG ინდექსის 2020-2025 წლის შედეგების, ბიზნესის განწყობებისა და მოლოდინების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მთავრობის მეთაურმა კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - მთავრობისა და ბიზნესის ღია დიალოგი.

თითქმის 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მოქმედი კომპანიების დამფუძნებლები და ხელმძღვანელები მედიასთან აცხადებდნენ, რომ შეხვედრაზე მოისმინეს მთავრობის ხედვები, შეთავაზებები და დაპირებები იმისთვის, რომ არსებული ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდეს.

BMG-მ ბიზნესმენების ხმას ერთად მოუყარა თავი:

„თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე:

„ვისაუბრეთ ენერგეტიკაზე, განვითარებაზე, მომავალზე. ვფიქრობ, ბევრი კარგი და საინტერესო საკითხები გავიარეთ. [ბიზნესს დღეს ყველაზე მეტად აწუხებს] ბიუროკრატია, რაზედაც ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდება“

“ავერსის” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი პაატა კურტანიძე

"ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო საუბარი".

"ნოვას" დამფუძნებელი ზვიად აბულაძე:

"კადრების კუთხით ძალიან სიმცირეს განიცდის ბიზნესი. საკმაოდ საქმიანი საუბარი ჰქონდა პრემიერს, რაც ძალიან მომეწონა და ყველაზე მთავარი რაცაა, სახელმწიფოს მიდგომა ამ ყველაფრის მიმართ ადეკვატურია.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს - ძალიან კარგია და ამას ყველა კვლევა ადასტურებს. ზრდა რეგიონში და მთლიანად გარშემო, მე მგონი, ევროპაშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, თუმცა ეს ტენდენცია, რომ შევინარჩუნოთ და უფრო გავაძლიეროთ, ამისთვის ამ გამოწვევებს ადეკვატური, დროული პასუხები სჭირდება. ბოლო ოთხი წლის ჭრილში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 9,4%-ით იზრდება, რაც ძალიან მაღალია. ეს იმის ხარჯზე, რომ ვითარდება ბიზნესი და რა თქმა უნდა, გარშემო პოლიტიკურმა სიტუაციამაც გამოიწვია. მოსალოდნელი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, 7% დააანონსა EBRD-მა და ეს ძალიან კარგია, რომ ამხელა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ამას ამბობს. მე მგონი, რომ 7%-ით კი არა, 8%-ითაც გაიზრდება.

ზოგადად, ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარე ბიზნესისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი. ეს ცალსახად არის, ამას ნებისმიერ ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენთვის. პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვერ გავაკეთებ... ბიზნესისთვის პრობლემა არის ყველაფერი ის, რაც ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციას შეეხება ზოგადად".

„ჯეო ჰოსპიტალის“ და „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე:

„ბიზნესისთვის ის მესიჯები და კომუნიკაცია, რომელიც ასეთ შეხვედრებზეა, ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი ძირითადად ეკონომიკურ გამოწვევებზე იყო. ის მცირე პროგრესები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ყოველკვარტალურად თან ახლავს, BAG-ინდექსი გაჟღერდა. პრემიერმა გააჟღერა და ძირითადად საუბარი ენერგეტიკის, განათლების რეფორმაზე და ლოგისტიკურ პროექტებზე იყო - ძირითადად ეს კითხვები დაისვა ბიზნესის მხრიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ასეთი შინაარსის შეხვედრებიდან არის, ის ღიაობაა, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე ბიზნესის საკითხების გაჟღერება და მოგვარება რომ მოხდეს.

ძირითადად საუბარი იყო მსხვილი ჰესების შემთხვევაში, რამდენად იგეგმება EMAAR-ის მსგავსი მსხვილი ინვესტორის მოძიება. ლოგისტიკის მიმართულებით, მიწების დაკანონებასთან დაკავშირებით მცირე შეფერხებებზე იყო კითხვები, ბიზნესს, რაც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს, ეს საკადრო დეფიციტია - ამ მიმართულებით პროფესიული სასწავლებლების კუთხით იყო საკითხი დასმული და აქაც მთავრობის ხედვა შემოთავაზებული.

პრემიერმა ძალიან დეტალურად მოგვიყვა სახელმწიფო უწყებებში განხორციელებული ცვლილებები - ხარჯების დაზოგვა, როცა საუბრობენ 700-მილიონიან დაზოგვაზე, მათ აქვთ მოლოდინი რომ ეკონომიკა ამის ხარჯზე კიდევ 1%-ით გაიზრდება. პრემიერმა ასევე გვთხოვა, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ეკონომიკის ზრდასთან იქნება შესაბამისი, დავაფიქსიროთ და ამ ინიციატივას სექტორულად ბიზნესასოციაციის მეშვეობით მივაწვდით, იმიტომ რომ ჩვენს სექტორში - ჯანდაცვის და დაზღვევის სექტორში არაერთი ინიციატივა გვაქვს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას“.

“გალფი საქართველოს“ ბიზნესის განვითარების დირექტორი შავლეგ მიშველაძე:

"იყო მიმოხილვა ასოციაციის მიერ მომზადებულ ინდექსთან დაკავშირებით, შემდგომ გახლდათ კითხვა-პასუხის რეჟიმი. ბიზნესის მხრიდან იყო დასმული კონკრეტული კითხვები იმ საკითხებზე, რაც სეგმენტურად აწუხებს ბიზნესს. კითხვები იყო იგივე სასოფლო-სამეურნეო მიწების არასასოფლო-სამეურნეოში გადაყვანის თემასთან დაკავშირებით იმ კონტექსტში, რომ ასე ადვილად არ უნდა იყოს შესაძლებელი კონკრეტულ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემო ვითარებას და ბუნებას. პრემიერი, ბუნებრივია ძალიან სწორად, მას დაჰპირდა ვითარების გარკვევას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე დაისვა კითხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე და მსგავსი მიმართულების კითხვები იყო. მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვინც ასევე კითხვით მივმართე პრემიერს და ჩემი კითხვის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ უაღრესად ამომწურავი პასუხი მივიღე. ჩემი კითხვა ეხებოდა ავტობანებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

მოლოდინებთან და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესის და ეკონომიკის კუთხით განწყობები ყველაზე კარგად ასახულია საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ მომზადებულ ტრადიციულ ინდექსში. იყო პირველი, მეორე, მესამე კვარტალის საკმაოდ დეტალური მიმოხილვა და პროგნოზები მეოთხე კვარტალთან დაკავშირებით. ყველა ციფრი ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ვითარება არის სტაბილური და ბიზნესს აქვს დადებითი არა მხოლოდ არსებული სტატუს-კვოს განწყობა, არამედ, დადებითი მოლოდინი მომავალი განვითარების კუთხით".

„არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი:

"შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული. განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები, როგორ ვითარდება ბიზნესი და მომავალი პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით".

Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი:

„მშვენივრად არის ყველაფერი, ეკონომიკა ვითარდება. ძირითადად საუბარი მაკროპარამეტრებზე, ბიზნესკლიმატზე იყო. კვლევაც იყო ნაჩვენები, რომ ბიზნესი დადებითად არის განწყობილი. ძირითადი პარამეტრებია, რაც ვითარდება და ამის განვითარებისთვის დრო და ნაბიჯების გადადგმაა საჭირო“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები