ირანში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები საგრძნობლად გაიზარდა.
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი, ოთარ ცუხიშვილი, არსებულ ვითარებას ორ მთავარ ფაქტორს უკავშირებს: ირანის მიერ ყურის ქვეყნების ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშებსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას.
ცუხიშვილი განმარტავს, რომ ნედლეულის ფასის ცვლილება საბითუმო და საცალო ბაზრებზე სხვადასხვა სისწრაფით აისახება: საბითუმო ბაზარზე რეაგირება თითქმის მყისიერია, ხოლო საცალო ბაზარზე ფასების მატებას „დაგვიანების ეფექტი“ ახასიათებს, რაც მარაგებითა და არსებული კონტრაქტებითაა განპირობებული.
"ირანში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ერთი მხრივ, უკავშირდებოდა ირანის მიერ ყურის ქვეყნებზე მიტანილ იერიშს, რომლის დროსაც ნავთობის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ხოლო მეორე მხრივ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, რომელიც მსოფლიო ნავთობის მიწოდების ჯაჭვში უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს.
ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიო ნავთობგადაზიდვების დაახლოებით მეოთხედი მოდის. ეს ნავთობი ძირითადად, აზიის ქვეყნებისკენ: ჩინეთის, ინდოეთისა და იაპონიისკენ არის მიმართული. თუმცა, ბუნებრივია, ფასების ზრდა და მიწოდების შეზღუდვა მხოლოდ ამ ქვეყნებს არ ეხება. ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელ მსოფლიოში.
რაც შეეხება ნავთობპროდუქტებზე ფასის მატების ასახვას, ბუნებრივია, ნავთობის ფასის ზრდა საბითუმო ბაზარზე უფრო სწრაფად აისახება, ხოლო საცალო ბაზარზე მას გარკვეული დაგვიანების ეფექტი ახასიათებს. ეს დამოკიდებულია, ერთი მხრივ, მარაგებზე, ხოლო მეორე მხრივ კონტრაქტებსა და ბაზრის სტრუქტურაზე. მთლიანობაში, ნავთობპროდუქტებზე ნავთობის ფასის ზრდის ასახვას, დაახლოებით რამდენიმე კვირა სჭირდება.
ამ კონფლიქტის შემთხვევაში, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასის ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დაპირისპირება", - ამბობს ის.
ბოლო ერთ კვირაში მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა ტიპის ნავთობი მთლიანობაში 25-30%-მდე გაძვირდა. ბირჟებზე ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 90 დოლარს აჭარბებს, ნედლი ნავთობი კი 89 დოლარამდეა გაძვირებული. 92 დოლარამდეა გაძვირებული სანქცირებული რუსული ურალსიც.




























