მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობპროდუქტებზე მიმდინარე კონტრაქტები დაბალ ფასშია, ეს უნდა აისახოს ბაზარზე - ფინანსთა მინისტრი

626f9fbd4dbcd
მარიამ ვარადაშვილი
02.05.22 13:15
746

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ნავთობიმპორტიორებს მიმდინარე კონტრატქები დაბალ ფასად აქვთ გაფორმებული და ეს ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ფასზე უნდა აისახოს.

“მანამდეც გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარე კონტრაქტები იყო გაცილებით დაბალ ფასებში, ვიდრე ეს იყო იანვრის კონტრაქტები, სადაც საერთაშორისო ბაზარზე ფასი მაქსიმუმამდე იყო გაზრდილი. ბუნებრივია, ამან ასახვა უნდა ჰპოვოს ადგილობრივ ბაზარზეც, რადგან ძველი შეძენილი ნავთობპროდუქტების ახალი კონტრაქტებით ჩანაცვლება ხდება. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს დავალება მიღებული აქვს. 15 მაისისთვის შესაბამისი დასკვნა მზად იქნება და ამის შემდგომ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რა ნაბიჯები შეიძლება იქნას გადადგმული ამ მიმართულებით”,-აცხადებს ხუციშვილი.

გასული კვირის ბოლოს პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანბელს საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარების შესწავლისთვის დრო 15 მაისამდე მისცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებისას კი განაცხადა, რომ ნავთობიმპორტიორებმა უკვე შეისყიდეს გაიაფებული საწვავი, მაგრამ ბაზარზე მისი ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. აქედან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოს დასკვნამ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა ამ მხრივ რაიმე "მოლაპარაკება".

"ჩვენი ინფორმაციაა, რომ არაერთმა იმპორტიორმა დაიწყო იაფიანი საწვავის შემოტანა. თუმცა ეს ჯერ ასახულა ფასებზე. ამიტომ ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, გვაქვს გარკვეული ინფორმაციებიც, რომ ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს,"- აცხადებს ღარიბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები