გლობალურ ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებით OPEC-მა განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბაზარზე ნედლ ნავთობთან მიმართებით მოთხოვნა ისევ მაღალია და, სავარაუდოდ, მომავალშიც ასე გაგრძელდება, რაც ფუნდამენტური ფაქტორებითაა განპირობებული.
OPEC-ის პროგნოზით, 2030 წლამდე გლობალური დღიური მოხმარება 112 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 10 მილიონი ბარელით მეტია. რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პერსპექტივას, 2050 წლისთვის გლობალური მოთხოვნის 24%-ით ზრდაა ნავარაუდევი.
OPEC-ის განმარტებით, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების შემცირება ზედმეტად ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული და სპეკულატორებს არავითარი რეალური მიზეზი არ აქვთ იმისათვის, რომ მომავალში ნავთობზე მოთხოვნის შემცირება ივარაუდონ.
უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის მომპოვებელ სახელმწიფოა ორგანიზაციის პოზიციას იზიარებს ExxonMobil-ის ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის პროგნოზით, 2050 წლისთვის ნავთობი და ბუნებრივი აირი ისევ შეინარჩუნებენ აქტუალურობას და წიაღისეულ საწვავზე გლობალური ენერგომოხმარების 50%-ზე მეტი განაწილდება.
Exxon-ის პროგნოზის მიხედვით, ნავთობზე მოთხოვნა 2030 წლის შემდეგ დასტაბილურდება, მაგრამ 2050 წლამდე ის დღიურად საშუალოდ მინიმუმ 100 მილიონ ბარელზე შენარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების სწრაფი ზრდისა, ნავთობი კვლავაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გლობალურ ენერგეტიკულ სექტორში.
მიუხედავად იმისა, რომ ExxonMobil-ის პროგნოზი მიუთითებს, რომ მომდევნო 25 წლის განმავლობაში ბენზინის წარმოება შემცირდება, ნავთობის ძირითადი გამოყენება მაინც ისევ უცვლელად დარჩება სხვა ეკონომიკურ სექტორებში. მაგალითად, ნავთობი აქტიურად გამოიყენება მრეწველობაში, ქიმიური პროდუქციის წარმოებასა და კომერციულ ტრანსპორტში, როგორიცაა: საზღვაო, საჰაერო და სპეციალური დანიშნულების.
ეს პროგნოზები ნათლად აჩვენებს, რომ წიაღისეული საწვავის როლი გლობალურ ეკონომიკაში მომავალშიც შენარჩუნდება, მიუხედავად კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისა და ენერგეტიკული ტრანზიციის საჭიროებისა. Exxon-ის შეფასებით, ახალი ტექნოლოგიების და მწვანე ენერგიის წყაროების განვითარება აუცილებელია, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია გლობალური მოთხოვნის ადეკვატურად დაკმაყოფილება და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისთვისაც წიაღისეული საწვავის მოპოვების მიმართულებით შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო.