მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაყინის ექსპორტი 66%-ით შემცირდა - ვინ არიან პროდუქციის ექსპორტიორები და იმპორტიორები?

ნაყინი

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ნაყინისა და საკვები ყინულის სხვა სახეობების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 253 ათასი დოლარი და 38 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 759 ათასი დოლარი და 67 ტონა იყო. წლიურ ჭრილში ნაყინის ექსპორტის ღირებულება 66.6%-ით, ხოლო მოცულობა 43.2%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ნაყინი მხოლოდ სამ საექსპორტო ბაზარზე გავიდა. უმსხვილესი საექსპორტო მიმართულება სომხეთი იყო, სადაც 225 ათასი დოლარის ღირებულების 19 ტონა პროდუქცია გავიდა. მას მოჰყვება აშშ – 20 ათასი დოლარი, 18 ტონა, ხოლო აზერბაიჯანში ექსპორტმა 7 ათასი დოლარი და დაახლოებით 900 კილოგრამი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 3.6 მილიონი დოლარის ღირებულების 537 ტონა ნაყინი შემოვიდა. 2025 წლის იანვარ-მაისში იმპორტი 3.4 მილიონ დოლარს და 604 ტონას შეადგენდა.შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში ნაყინის იმპორტის ღირებულება 5.2%-ით გაიზარდა, თუმცა ფიზიკური მოცულობა 11%-ით შემცირდა. ეს კი ნიშნავს, რომ იმპორტირებული ნაყინის ფასი გაიზატდა.

BM.GE-მ საქსტატისგან ნაყინისა და საკვები ყინულის სხვა სახეობების მთავარი ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ამ პროდუქციის ექსპორტს ოთხი კომპანია ახორციელებდა.

მონაცემების მიხედვით, ექსპორტიორთა სიაში შედიან: „აის ლენდ ჯორჯია“, „მილკ ენდ ჰონი“, „მინიმელტს საქართველო“ და „ჯორჯია ფროზენ ბერრის“.

ამავე პერიოდში, ნაყინისა და საკვები ყინულის სხვა სახეობების უმსხვილეს იმპორტიორებს შორის მოხვდნენ „აგროჰაბი“, „აის ლენდ ჯორჯია“, „ევროპროდუქტი“, „ინტრეიდი“, „მარსი საქართველო“, „მინიმელტს საქართველო“, „სავაჭრო გუნდი“, „ფუდსერვისი“, „შარმ ტრეიდინგი“ და „ჯელ ლატოს ჯორჯია“.

აღსანიშნავია, რომ „აის ლენდ ჯორჯია“ და „მინიმელტს საქართველო“ საქსტატის მონაცემებით ერთდროულად როგორც ექსპორტიორთა, ისე უმსხვილეს იმპორტიორთა სიაში ფიგურირებენ.

საქსტატი განმარტავს, რომ კომპანიები არც ექსპორტიორთა და არც იმპორტიორთა ჩამონათვალში რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული, შესაბამისად, სია კომპანიების საქმიანობის მოცულობას არ ასახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები