გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიღებაც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. შედეგად, ქვეყანაში ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების იმპორტი და ტრანზიტი კანონით დარეგულირდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე bm.ge-სთან აცხადებს, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია.
“საუბარია ქიმიური ნივთიერებისა და ნარევების შესახებ“ კანონპროექტზე. მთავარი ცვლილებაა მათი [ქიმიური ნივთიერებები, მინარევები] აღრიცხვა, შემოტანაზე სპეციალური ნებართვის გაცემა, მათი რეგულირება, მონიტორინგი, სახეობის მინიჭება. მთელ საქართველოში მოხდება განთავსებული ქიმიური ნივთიერების და ნარევის კონტროლი, მონიტორინგი და რეგლამენტში მოქცევა.
ამას გარდა, ტრანზიტიც გაკონტროლდება, რომლის გატარებაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს [მიმართულება] დღეს მიტოვებულია, თუმცა ახალ მოთხოვნებს აყენებს ევროკავშირი.
ისინი ითხოვენ სხვაგვარ ინსტიტუციურ მოწყობას, ცალკე ითხოვენ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სააგენტოს, თუმცა შეიქმნება თუ არა სააგენტო, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ეს მთავრობის პოლიტიკური ნების საკითხია“,-აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.
მინისტრის მოადგილის თქმით, „ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვები დეკემბრის ბოლოდან დაიწყება. დოკუმენტის ინიცირება პარლამენტში 2024 წლის იანვარ-თებერვალშია დაგეგმილი.