"ამ ნებართვის გაცემის პროცესი და ადმინისტრირება სახელმწიფოს მკაცრად ექნება გაწერილი", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ „იმედთან“ ინტერვიუში უცხოელების დასაქმების შესახებ ახლახან მიღებულ რეგულაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელი, რომელსაც საქართველოში სურს დასაქმება, 1-ელი მარტიდან ვალდებული იქნება მოიპოვოს შესაბამისი ნებართვა.
„ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც კვალიფიციური და გარეშე კადრების დასაქმების კრიტიკული აუცილებლობა არსებობს. ხოლო იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა არის ჭარბი, მაქსიმალურად შეიზღუდება და შეიძლება მინიმუმამდეც დავიდეს უცხოელების დასაქმება“, - განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, მთავრობამ შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი დაამტკიცა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ეფუძნება, ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შევა. ახალი რეგულაცია დეტალურად განსაზღვრავს პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც მოუწევთ როგორც დამსაქმებლებს, ისე საქართველოში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. წესი ეხება უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა და სურთ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობა (მათ შორის დისტანციურად) ან თვითდასაქმება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
ამავე წესის თანახმად, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.




























