მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნებისმიერ პროექტს ვუყურებთ, როგორც ჩადებულ ინვესტიციას" - როგორ იღებს "თეგეტა" ციფრული ტრანსფორმაციების გადაწყვეტილებებს?

ნიკა კოხოძე

როგორ არჩევს "თეგეტა ჰოლდინგი" ათობით ინიციატივიდან პროექტებს, რომლებსაც განახორციელებს და რას აქცევენ ციფრული ტრანსფორმაციის დროს ყურადღებას - ამ კითხვებს "საქმიანი დილას" ეთერში ნიკა კოხოძემ, "თეგეტა ჰოლდინგის" ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელმა უპასუხა, Axen-ის რუბრიკაში სტუმრობისას.

მისი თქმით, კომპანია შესასრულებელი პროექტების არჩევისას კონკრეტულ მეთოდოლოგიას მიჰყვება.

"ყველას ყოველთვის გვინდა, რომ რაღაც ახალი შევქმნათ, ახალი ინიციატივები წამოვწიოთ წინ და ინოვაციები დავნერგოთ. ძალიან ბევრი ინიციატივა და სურვილი შემოდის, რომ კიდევ ახალი პროდუქტები შევქმნათ. თუმცა, რაოდენ გასახარიც არ უნდა იყოს, საწყენია ის, რომ ლიმიტირებული რესურსი გვაქვს.

როდესაც ჩვენს იმ 35 პროექტს შევხედეთ, რომლებიც ძალიან გვინდოდა გაგვეკეთებინა, ზოგზე გადავწყვიტეთ, რომ უკვე დაგვეწყო, ზოგს კი 2026 წლის პირველ ან მეორე კვარტალში დავიწყებთ. რთულია, განზრახ თქვა უარი პროექტზე, მაგრამ თითოეულ მათგანს კონკრეტული მეთოდოლოგიით ვაფასებთ, თუ რომელი უფრო მალე გაგვიყვანს იმ მიზნებზე, რომლებიც დავისახეთ", - ამბობს ნიკა კოხოძე.

მისივე თქმით, პოტენციურ პროექტებს ხელმძღვანელი განიხილავს როგორც მათ დასრულებაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე - როგორც ინვესტორი, რაც გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს.

"მივცემ თავს უფლებას და ორნაირ ქუდს დავიხურავ: ერთი, ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელის - პროექტებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მე უშუალოდ ავიღე პასუხისმგებლობა და ხელი მოვაწერე, რომ ამას აუცილებლად მე თვითონ მივიყვან ბოლომდე. აუცილებელია, რომ ადამიანებმა ეს პასუხისმგებლობა იგრძნონ, რა თქმა უნდა;

მეორე ქუდი ინვესტორისაა: ნებისმიერ პროექტს ვუყურებთ, როგორც ჩადებულ კაპიტალს, შიდა სტარტაპს, რომელმაც მოგებაზე უნდა გაგვიყვანოს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა სახის ამონაგებს მოგვიტანს პროექტი. შეიძლება ყველას გვინდოდეს, რომ რაღაც პროექტი გავაკეთოთ, ან ახალი სისტემა დავნერგოთ, მაგრამ რეალურად შედეგებზე არ გავყავართ, კარგი ROI არ აქვს ამ პროექტს და ცოტა ხნით უნდა გავაჩეროთ", - ამბობს "თეგეტას" ციფრული ტრანსფორმაციების ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები