ეკონომისტ მაია გუნცაძის თქმით, ნებისმიერი კორუფციული გარიგება, რომელიც საქართველოში დგება, აზიანებს როგორც ბიზნესსექტორს და სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეებს - ამის შესახებ მაია გუნცაძემ BMGTV-ზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
"გარკვეული შეფასებები არსებობს, რომ მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5% იხარჯება კორუფციაზე. ჩვენ რომ ეს საქართველოს მაგალითზე გადმოვიტანოთ, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ისედაც არ არის ძალიან დიდი, კორუფციით მიღებული შემოსავალი პირდაპირ აზიანებს ნებისმიერ ჯგუფს საქართველოში, იქნება ეს მოქალაქე, ბიზნესსექტორი თუ სახელმწიფო.
ქვეყანაში, სადაც ამაზეა საუბარი, და ეს არის ყოველდღიურობის ნაწილი, ნებისმიერი ასეთი რეზონანსული ამბავი არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის, ვინაიდან ინვესტორები, პირველ რიგში, დააკვირდებიან ამ ბაზარს და იქ, სადაც არის ასეთი ტიპის გარიგებებზე და კომუნიკაციებზე დამოკიდებული ეკონომიკა, ასეთ ეკონომიკებში არ შევლენ და არ შეიტანენ ინვესტიციებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რისკი, როგორც ინვესტორისთვის, ასევე ბიზნესმენისთვის. ბიზნესისთვის ეს არის დამატებითი ხარჯი, მოქალაქისთვის კი - დაკარგული შესაძლებლობა. შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქე ნებისმიერი კორუფციული გარიგებით ზიანდება, ვინაიდან მისი შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს კონკურენტულ პროცესში, ეს იქნება საჯარო შესყიდვა, ბიზნეს საქმიანობა თუ რაიმე სხვა, რჩება წაგებული, იმიტომ, რომ მასზე უკეთესი კომუნიკაციების მქონე ადამიანები მოაგვარებენ საქმეს", - აღნიშნავს მაია გუნცაძე.
მისივე თქმით, სწორედ ეს პასუხობს მოქალაქეთა კითხვას იმაზე, თუ რატომ არ აისახება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა თითოეულ ინდივიდზე და რატომ არ არის ეკონომიკა ინკლუზიური. მაია გუნცაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი რეფორმა განხორციელდა და წვრილი კორუფციის დონეზე, ეს ციკლი, ფაქტობრივად გარღვეულია.
"მე თვითონ ვმონაწილეობდი ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო რეფორმის საწყის ეტაპზე; ამ რეფორმებმა ძალიან შეამცირა [კორუფცია] და, რა თქმა უნდა, პირიქით, გაზარდა ეკონომიკური აქტივობა, ბიზნესის ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით და კმაყოფილება. ამიტომ კორუფციის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს დღეს დაახლოებით 53-54 ქულა აქვს, 100-ქულიან შკალაზე.
ეს, სხვათა შორის, არის 2015 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენ გავარღვიეთ ეს წრედი, მაგრამ ამ მიმართულებით და ზოგადად გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ანალიზის და საკუთარ თავის სარკეში დანახვის მიმართულებით, წინ დიდი გზა გვაქვს", - ამბობს მაია გუნცაძე.
ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის 2024 წლის ინდექსით, საქართველოს 100-დან 53 ქულა აქვს და 180 ქვეყანას შორის ასევე 53-ე ადგილზეა.




























