"იმედის" ღია ეთერში დებატების დროს "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" კონცეფციის მაგალითად გამოდგება გერმანია, სადაც თითო ქალაქში თითო უნივერსიტეტია. მისი თქმით, საქართველოზე მდიდარ ისეთ ქვეყნებსაც კი, რომელთაც გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი აქვთ, იმაზე ნაკლები უნივერსიტეტი აქვთ, ვიდრე საქართველოშია. ამის მაგალითად მან ნიდერლანდები და გერმანია მოიყვანა.
ამ დებატებამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერვიუ ჩავწერეთ გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან. მართალია, გერმანია "ოცნების" მაღალჩინოსნებს, როგორც განათლების კონცეფციის ამ სადავო მოდელის "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" - მაგალითად, ამ დებატებამდეც არაერთხელ უხსენებიათ, პეტერ ფიშერს, როგორც თავად გვითხრა, ეს პარალელები ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა მკაფიოდ გვითხრა, რომ ნებისმიერ კონტექსტში საქართველოს განათლების სისტემასთან გერმანიის განათლების სისტემის შედარება შეცდომაში შემყვანი იქნებოდა.
"ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პარალელი გერმანიის განათლების სისტემასთან, შეცდომაში შემყვანი იქნებოდა. ჩვენ განათლების ცენტრალიზებული პოლიტიკა არ გაგვაჩნია. ეს 16 სხვადასხვა ოლქის პრეროგატივაა. უნივერსიტეტები კი მაღალი ავტონომიურობით სარგებლობენ. ამდენად, ამ ნაწილში რაიმე დასკვნისთვის, გერმანიის განათლების სისტემას კარგად უნდა იცნობდე", - უთხრა გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა "ანალიტიკა"-ს.




























