მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნედლეულის და კადრების დეფიციტი - როგორ უმკლავდება ამ პრობლემებს ავეჯის ინდუსტრია

639bfbceb9df3
თათია კაკიაშვილი
17.12.22 21:00
763
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში ავეჯის მწარმოებელ კომპანიებს ნედლეულის დეფიციტის პრობლემა შეუქმნა. როგორც BMG-სთან კომპანია “ჰოუმმეიდში“ აცხადებენ,
კომპანია ავეჯის საწარმოებლად საჭირო ნედლეულს უკრაინაში ყიდულობდა, თუმცა იმის პრევენციისთვის, რომ შეფერხებულ ლოგისტიკას “ჰოუმმეიდი” არ დაეზარალებინა, უკრაინა ინდოეთით და ყაზახეთით ჩანაცვლდა.

„მართალია, უკრაინიდან შემოსულ მასალებს ყველაზე მცირე წილი ეჭირა, თუმცა იმის გამო, რომ შეფერხებები და პრობლემები თავიდან აგვერიდებინა, უკრაინული ნედლეული ინდურით და ყაზახურით ჩავანაცვლეთ. შესაბამისად, პროდუქციის დამზადებაზე არ ვფერხდებით,“ - განაცხადა BMG-სთან Homemade-ის წარმომადგენელმა მარი ქავთარაძემ.

რაც შეეხება კადრების დეფიციტს, ეს პრობლემა ყველაზე მწვავე მეორეული ავეჯის ბიზნესისთვის აღმოჩნდა. “მეორადი ევროპული ავეჯის” შემთხვევაში, რომელიც ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან პოზიციონირებს, კომპანიას ერთი ფილიალის დახურვა მხოლოდ იმიტომ მოუწია, რომ კვალიფიციური ბუღალტრის, ხელოსნის, მძღოლის და კონსულტანტის მოძიება გაუჭირდა. მთავარი პოზიტიური მოვლენა კი, რაც ამ კომპანიის გამართული ოპერირებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა, ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის აღდგენაა, რამდენადაც იმპორტირებული ავეჯი, ძირითადად, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, ბელგიიდან და თურქეთიდან ჩამოდის. თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ ავეჯის ტრანსპორტირება, საშუალოდ 20%-ით გაძვირდა, რამაც საბოლოოდ პროდუქციის თვითღირებულებაც გააძვირა.

„ომის დაწყების პერიოდში ჩვენი გაყიდვები დაახლოებით 30-35%-ით შემცირდა. ამავდროულად, საქონლის თვითღირებულება გაგვეზარდა. ინფლაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს, ბუნებრივია, საქართველოზეც ისახება. შესაბამისად, ჩვენ ფასი ვერ მოვამატეთ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც საქონელი გაგვიძვირდა. ჩვენ მოგების მინიმალურ მარჟაზე გვყავს დაყვანილი საქონელი,“ - განაცხადა BMG-სთან „მეორადი ევროპული ავეჯის“ წარმომადგენელმა თორნიკე გაბრელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები