მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Need for Speed-ი აღარასდროს აღარ გამოვა?

Need for Speed

საავტომობილო გამოცემა Speedhunters-ის კონტრიბუტორის, მეთიუ ევერინგემის ცნობით, საკულტო საავტომობილო ვიდეოთამაშის, Need for Speed-ის ვიდეოთამაშებზე მუშაობა დროებით შეჩერებულია, ხოლო თავად EA Sports-ში ფრენჩაიზის ჩუმად დასრულება აქვს გადაწყვეტილი.

აღნიშნულ ინფორმაციაზე ამერიკულ კორპორაციას არაფერი უთქვამს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ოქტომბერში Need for Speed Rivals-ის სერვერები გაითიშება, ხოლო The Need for Speed-ის დეველოპერ Criterion Games-ში მიმდინარე დიდი გადალაგების ფონზე თანამშრომლები თითქმის სრულად Battlefield-ზე გადაერთვნენ, შესაძლოა NFS-ის ფრენჩაიზი მართლაც დასრულდეს.

The Need for Speed-ის ფრენჩაიზის ისტორია 1990-იან წლებში იწყება, როცა ბაზარზე პირველი The Need for Speed-ი გამოჩნდა — ვიდეოთამაში, რომელიც ავტომობილის მართვის რეალურობით და გასაოცარი პეიზაჟებით გამოირჩეოდა. მომდევნო წლებში, ფრენჩაიზის ფარგლებში არაერთი სხვა თამაში გამოვიდა, მათ შორის NFS High Stakes და NFS Porsche Unleashed, რამაც ვიდეოთამაშს სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვა.

თუმცა ფრენჩაიზის რეალური ზრდა ადრეულ 2000-იანებში დაიწყო, როცა NFS-ის თამაშების მექანიკა შეიცვალა, ხოლო თამაშებში დამატებითი ელემენტები გამოჩნდა, მათ შორის ქუჩის რბოლა, ავტოტიუნინგი და პერსონალიზაცია. აი, სწორედ ამ წლების ნაშიერია Need for Speed: Underground, Underground 2 და Most Wanted — მსოფლიოში ამ სამი თამაშის 44 მილიონი ერთეული გაიყიდა, რამაც EA Sport-ს ასობით მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

დღემდე, EA Sports-მა Need for Speed-ის ფრენჩაიზის 23 ვიდეოთამაში გამოუშვა, რომელთა ჯამური გაყიდვები 150 მილიონ ერთეულს აღემატება. ამ ვიდეოთამაშის ეკონომიკური გავლენა უდავოა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია NFS-ის როლი ჰოლივუდში და პოპულარულ კულტურაში. 2014 წელს კინოეკრანებზე ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა, ხოლო წლების განმავლობაში NFS-ით შთაგონებულ მანქანებს ასევე ვხვდებოდით Hot Wheels-ის კოლექციებში. ჯამში, Need for Speed-ის ფრენჩაიზის ეკონომიკური ნაკვალები $9 მილიარდის ტოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები