ნეპალში ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი პროტესტი გრძელდება. არსებული ინფორმაციით, გარეთ გამოსულმა მოქალაქეებმა გამოცხადებული კომენდანტის საათი უგულებელყვეს და სამთავრობო ნაგებობებისა და რეზიდენციების დარბევა დაიწყეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მომიტინგეებმა აიღეს პარლამენტის შენობა და ის ცეცხლი წაუკიდეს.
აქციის მონაწილეების ნაწილი შეიჭრა აეროპორტშიც, რათა მთავრობის წევრებმა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ. არსებული ინფორმაციით, მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე სამხედრო უწყებები იზრუნებენ.
როგორც ცნობილია, მიმდინარე ქაოსის ფონზე, პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი გადადგა და მთავრობა დაშალა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გარდა მიზანში მისი რეზიდენციაც ამოიღეს. ცეცხლის ალშია გახვეული შინაგან საქმეთა გადამდგარი მინისტრის, ასევე კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის მინისტრების სახლებიც. აღსანიშნავია, რომ მომიტინგეებმა არამარტო ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ლიდერების, შერ ბაჰადურ დეუბასა და ფუშპა ქამალ დაჰალის სახლებიც დაარბიეს. სხვადასხვა დროს პრემიერ-მინისტრის პოსტს ორივე მათგანი იკავებდა.
ცნობისთვის, ნეპალში მიტინგები მას შემდეგ დაიწყო, რაც 4 სექტემბერს ხელისუფლებამ საერთაშორისო სოციალური მედიის 26 პლატფორმა, მათ შორის, Youtube, Facebook და WhatsApp დაბლოკა.




























