მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ნექსთ ენერჯიმ“ საგარეჯოში "უდაბნოს მზის სადგური" 4 თვეში უნდა ააშენოს - ინვესტიცია $2.7 მილიონია

მზის სადგური

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში „ნექსთ ენერჯიმ“ უდაბნოს მზის ელექტროსადგური 4 თვეში უნდა ააშენოს - ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის" პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით ინტერესთა გამოხატვაში შპს "ნექსთ ენერჯიმ" 2021 წლის სექტემბერში გაიმარჯვა. ამასთან, ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ინტერესთა გამოხატვა 2018 წელსაც გამოაცხადა და გამარჯვებულად შპს "სოლარ ფაუერ ჯორჯია" გამოავლინა, თუმცა მზის სადგურის აშენება ვერ მოხერხდა.

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ინფორმაციით, 5 მგვტ-იანი მზის ელექტროსადგურის პროექტს სახელმწიფო კომპანია შპს "ნექსთ ენერჯისთან” ერთად ახორციელებს. ფონდის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ძნელაძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში პროექტების მართვის დირექტორს თამაზ ახვლედიანს და შპს "ნექსთ ენერჯის” დირექტორმა გოგა ჯახიას შეხვდა.

„მხარეებმა განიხილეს უდაბნოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობის დაგეგმილი საპროექტო სამუშაოები და მისი განხორციელების შემდგომი ეტაპები. აღსანიშნავია, რომ პროექტი სამშენებლო ფაზაზეა გადასული, ამასთან მიღებული აქვს ყველა საჭირო სამშენებლო ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 4 თვით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 2.7 მლნ დოლარია, ხოლო დაგეგმილი წლიური გამომუშავება 10 მლ კვტ. საათს შეადგენს“, - ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის, კომპანია „ნექსთ ენერჯი“ 2021 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია „დიჯია ტექი“ ფლობს, რომლის მფლობელი და დირექტორი საქართველო-კანადის ორმაგი მოქალაქე გოგა ჯახიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები