მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნერვების ომიდან” - პროკურატურამდე: გლდანის გზების 13-მილიონიანი ისტორია

5fd228d142694
ინგა მურუსიძე
11.12.20 16:43
1817

"წაიღო ჩემი და თქვენი ნერვები, მაგრამ ღირდა“- ამ სიტყვებით თბილისის მერმა კახი კალაძემ 17 ივნისს გლდანში ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება შეაფასა. აღნიშნული პროექტის დროში გაჭიანურების გამო თბილისის მუნიციპალიტეტი არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. თუმცა, საბოლოოდ, შესრულებული სამუშაოებით მერია კმაყოფილი დარჩა.

"რა თქმა უნდა, დისკომფორტი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც გლდანში ცხოვრობს, თუმცა მგონი, ღირდა. ძალიან მაგარი გამოვიდა და ძალიან მიხარია“ - განაცხადა თბილისის მერმა ზაფხულის დასაწყისში. თუმცა, გადის 6 თვე და კალაძე ისევ ხიზანიშვილი-ვეკუას პროექტს უბრუნდება და ამჯერად, სამუშაოების შესრულებით დაინტერესებას არა მის მოადგილეებს, არამედ პროკურატურას სთხოვს.

თბილისის მერმა 9 დეკემბრის დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დააანონსა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების მოწყობის საქმე, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ნიშნები გამოიკვეთა, შესასწავლად პროკურატურას გადაეგზავნება. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიზანიშვილის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე გზის საფარი ჩაიწია. შიდა გამოკვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ ამის გამო დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 85 000 ლარით დაზარალდა.

„მოკლევის შედეგად დადგინდა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და პრობლემების მთელი ჯაჭვი იყო. შედგენილი დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის, გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება“, - თქვა კალაძემ.

bm.ge თემაზე მეტი დეტალის გარკვევას მერიაში შეეცადა. კერძოდ, დავინტერესდით, კითხვები მხოლოდ საპროექტო დოკუმენტაციას შეეხება თუ თავად სარეაბილიტაციო სამუშოების განმახორციელებელ კომპანიას, თუმცა, მერიაში გვითხრეს, რომ მასალები პროკურატურაში გადაიგზავნება და არ იციან, გამოძიებას კითხვები საპროექტო კომპანიასთან ექნება, თუ სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელთან.

ხიზნიშვილის და ვეკუას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო გეგმა შპს „მ-პროექტს“ ეკუთვნის, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია NCC-მ აწარმოა.

ჯერ უცნობია, თუ ვის მიმართ ექნება კითხვები პროკურატურას, თუმცა, რადგანაც თბილისის მერმა განცხადებაში საპროექტო სამუშაოები და აქ დაშვებული შეცდომები ახსენა, bm.ge პირველ რიგში სწორედ კომპანია "მ-პროექტს" დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მედიასთან არ თანამშრომლობენ და კომენტარის გაკეთება არ სურთ.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, NCC-ის გენერალურმა დირექტორმა, გეგი ქელბაქიანმა bm.ge-ს უთხრა, რომ სამშენებლო სამუშაოები იმ პროექტით განხორციელდა, რაც მერიამ მათ მისცა და კითხვების არ ეშინია.

„მერი ამბობს, რომ შეცდომა იყო პროექტირებისას, ხოლო პროექტირება ჩვენ არ გაგვიკეთებია. NCC-მ შეასრულა მხოლოდ ფიზიკური სამუშაოები. რა პროექტიც მოგვცა მერიამ, ის გავაკეთეთ. შესაბამისად, მერის განცხადება არ გვეხებოდა ჩვენ. მე ყოველ შემთხვევაში ასე გავიგე განცხადება. მერმა ეს თქვა და პროკურატურაში რას გადაგზავნიან, ან მათ რა კითხვები გაუჩნდებათ, ეს არ ვიცით, თუმცა, ჩვენთვის პრობლემა არ არის. სამუშაოები 100%-ით კეთილსინდისიერად, მაღალი ხარისხით გვაქვს გაწეული“, - განაცხადა ქელბაქიანმა.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის მაისში დაიწყო და 2020 წლის ივნისში დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის 12 955 554 ლარი დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები