მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნეთანიაჰუ: "ირანთან ომის მთავარი მიზნები მიღწეულია"

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო კამპანიის მთავარი მიზნები მიღწეულია. მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ეგზისტენციალური საფრთხეები განეიტრალებულია.

ნეთანიაჰუს შეფასებით, სამხედრო ოპერაციამ ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები სრულად შეაჩერა. ამასთან, ისრაელმა შეძლო და საბრძოლო შტაბის მიერ განსაზღვრული გეგმის ყველა პუნქტი შეასრულა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კამპანია მიზნად არა რეჟიმის ცვლილებას, არამედ ირანელი ხალხისთვის მმართველი ხელისუფლების შესაცვლელად საჭირო პირობების შექმნას ისახავდა, რაც, ისრაელის ლიდერის აზრით, წარმატებით მოხერხდა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირანის შიდაპოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზეც ყურადღება გაამახვილა. ნეთანიაჰუს განმარტებით, ისრაელის მიერ მიყენებული დარტყმების შედეგად ქვეყნის ფაქტობრივად მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებულია. მისი თქმით, ამჟამად ირანი უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, მმართველ სისტემაში კი გარკვეული „ბზარებია“ გაჩენილი.

როცა ჟურნალისტებმა ნეთანიაჰუს ჰკითხეს, თუ როდის მოელის ის თეირანის ხელისუფლების დამხობას, ამასთან დაკავშირებით მან ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ირანში არსებული ვითარება საბჭოთა კავშირის დაშლის იმ პროცესს შეადარა, რომლის წინასწარ განსაზღვრაც თავის დროზე აშშ-სთვისაც კი შეუძლებელი იყო.

ცნობისთვის, აშშ-სა და ისრაელის მონაწილეობით ირანის წინააღმდეგ ომი მიმდინარე წლის 28 თებერვალს დაიწყო და პარასკევს, შვეიცარიაში აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებით უნდა დასრულდეს. აღსანიშნი ფაქტია, რომ ისრაელის ჯარების ლიბანის ტერიტორიაზე დარჩენა ამჟამად ის ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რის გამოც ანალიტიკოსები საბოლოო გარიგების დადებას ეჭვის თვალით უყურებენ. როგორც ცნობილია, ოფიციალური თეირანი მშვიდობის დამყარების ერთ-ერთ მთავარ პირობად სწორედ ჰეზბოლას მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდან ისრაელის გასვლას ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები