მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნეთანიაჰუს კაბინეტმა სამშვიდობო შეთანხმებას მხარი დაუჭირა - რას ნიშნავს ეს?

ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუს სამთავრობო კაბინეტმა მხარი დაუჭირა ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის ამოქმედებას. საუბარია ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ასევე თურქი, ეგვიპტელი და კატარელი მომლაპარაკებლების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც ღაზას სექტორში ცეცხლი შეწყდება.

ამასთან, ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლდება 20 ისრაელელი, რომლებიც ტერორისტულმა ორგანიზაციამ 7 ოქტომბერს გაიტაცა. სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებს დატოვებს 1,950 პატიმარი, მათ შორის 250 ისეთი პირი, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში, ისრაელის შეიარაღებული ძალები, ცახალი ე.წ. ყვითელ ხაზამდე, ანუ შეთანხმებულ ზღვრამდე დაიხევს უკან და ეტაპობრივად გაათავისუფლებს ქალაქ ღაზას, ხან იუნისსა და რაფარს. პარალელურად, რაფას გამშვები პუნქტიდან ყოველდღიურად ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული, სულ მცირე, 400 მანქანა შევა.

შეთანხმების პირველი ფაზის თანახმად, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა სამთავრობო კაბინეტის მიერ მხარდაჭერის გამოცხადებიდან 24 საათში დაიწყება, ტყვეების გაცვლის პროცესი კი შეთანხმების ძალაში შესვლიდან 72 საათში დაიწყება, რაც, სავარაუდოდ, ორშაბათს ან სამშაბათს მოხდება.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დააანონსა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმების პირველ ფაზაზე პოზიციების შეჯერება მოხერხდა. თუმცა მომდევნო კვირებში მსოფლიოს ყურადღება იქნება იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ დაპირისპირებული მხარეები შტატების პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი 20 პუნქტიდან დარჩენილ 15-ზე შეთანხმებას. ცნობისთვის, განუხილველად რჩება ისეთი საკითხები, როგორიცაა ჰამასის განიარაღება, ისრაელის მიერ ღაზას ანექსიაზე უარის თქმა და ღაზას აღდგენა ახალი ხელმძღვანელობის ხელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები