მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Netflix-ი Warner Brothers-ს აღარ იყიდის - რატომ დანებდა კომპანია?

netflix

სტრიმინგ-გიგანტმა Netflix-მა Warner Brothers Discovery-ს კინოსტუდიისა და სტრიმინგის ბიზნესის შესყიდვის პროცესი შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებით ტედ სარანდოსის კომპანიამ გზა საბოლოოდ გაუხსნა კონკურენტ Paramount-ს, რომელიც ლეგენდარული კინოკომპანიის შეძენით ასევე იყო დაინტერესებული.

როგორც ირკვევა, Netflix-მა უარი განაცხადა, შესყიდვის საკუთარი - $83 მილიარდიანი შეთავაზება კიდევ უფრო გაეზარდა და კონკურენციაში დარჩენილიყო კომპანიასთან, რომელიც ინვესტორებს გაცილებით დიდ თანხას სთავაზობდა.

შეგახსენებთ, Paramount-მა WBD-ს ხელმძღვანელებსა და აქციონერებს გაცილებით მსხვილი წინადადება წარუდგინა. კერძოდ, $111 მილიარდი დოლარი მთლიანი კომპანიის სანაცვლოდ, რაც ერთ აქციაზე $31 დოლარის გადახდას მოიცავს. ტედ სარანდოსის კომპანიის გადაწყვეტილებაზე გავლენა ორმა ფაქტორმა იქონია. ერთი მხრივ, მიმდინარე კონკურენციის ფონზე Warner-ის დირექტორთა საბჭომ პირველად დაუჭირა მხარი Paramount-ის შეთავაზებას და ის Netflix-ზე უპირატესად გამოაცხადა. მეორე ფაქტორი კი თავად სარანდოსის დაბარება იყო თეთრ სახლში. გუშინ მას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, ასევე მარეგულირებლები შეხვდნენ და განუცხადეს, რომ მისი კომპანიისთვის საბოლოო თანხმობის გაცემის შანსები ძალიან დაბალი იყო, რადგან Netflix-ი სტრიმინგ ბაზარზე უკვე უმსხვილესი მოთამაშეა და მისთვის კონკურენტის, WBD-ს საკუთრებაში არსებული HBO-ს მიყიდვა მას ბაზარზე მონოპოლად აქცევდა.

Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი უკვე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას და თქვა, რომ მათთვის Warner Brothers-ის შეძენა უფრო მეტად სასურველი შენაძენი იქნებოდა, ვიდრე სასიცოცხლოდ აუცილებელი გარიგება. ეს მოცემულობა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის შვილის, დევიდ ელისონის კომპანიას WBD-სთვის ბრძოლის პროცესში მარტოს ტოვებს და აძლევს საშუალებას, ლეგენდარული კინოკომპანია სრულად შეისყიდოს. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლიდან გასვლით Netflix-მა რეალურად უდიდესი ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა, რადგან Paramount-ის მიერ დასახელებული თანხის, $111 მილიარდის ნახევარი მთლიანად სასესხო ვალდებულებებია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიას სასესხო ვალდებულებების გასტუმრება მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს და რეალურ მოგებაზე ვერ გავა, ამ პერიოდში კი Netflix-ი დასახელებულ თანხას, $83 მილიარდს საკუთარი ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარებას და ბაზარზე პოზიციების გამყარებას მოახმარს. თუმცა მეორე ნაწილი ყურადღებას Paramount-ის რეალურ მიზნებზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით ამერიკაში მედიის სიტყვის თავისუფლებას სერიოზული რისკები შეექმნება. შეგახსენებთ, სწორედ WBD-ს საკუთრებაშია ტრამპის მიმართ გამორჩეულად კრიტიკული CNN-ი. იმ ფონზე კი, რომ Paramaunt-მა სხვა კრიტიკული არხის, CBS-ის შესყიდვის შემდეგ მისი სარედაქციო პოლიტიკა შეცვალა, მაღალია ალბათობა, რომ იგივე მდგომარეობაში CNN-იც აღმოჩნდეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Netflix-ის გადაწყვეტილების მიუხედავად, Paramount-ის მიერ WBD- ს შესყიდვის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის. არსებობს ალბათობა, რომ მარეგულირებელმა არც დევიდ ელისონის კომპანიაზე გასცეს თანხმობა. ეს კი ლეგენდარულ კინოინდუსტრიას კვლავ თავდაპირველი მფლობელების ხელში დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები