მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო აღრიცხვაში ჩართული სადგურების სიმძლავრე 57 მეგავატამდე გაიზარდა

მზის პანელი

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 57 მეგავატამდე გაიზარდა. 

სემეკმა ნეტო აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. თუ პირი ფლობს მზის, ქარის, ჰიდრო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, მას შეუძლია პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ კომპანიას.

„ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა კიდევ გაიზარდა. დღეისთვის სისტემაში ჩართულია 959 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 57 მეგავატს შეადგენს. მათგან “თელასის” გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 289, ხოლო “ენერგო პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში - 670 ელექტროსადგური", - აცხადებს დავით ნარმანია.

სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები