საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1459 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 97 მეგავატი. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 378 სადგური, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში - 1081.
სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. საგულისხმოა, რომ ნეტო აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
სემეკმა ნეტო აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ზრდა განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით.