სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ნეტო აღრიცხვის ჩამნაცვლებელი ახალი სისტემის შესახებ კანონპროექტი უკვე მზადაა და პარლამენტს მალე წარედგინება.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ნეტო აღრიცხვის ნაცვლად ნეტო დარიცხვის სისტემის დანერგვა ევროპასთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ნაწილია და მასზე გადასვლა ვალდებულებით გათვალისწინებულზე ადრე მოხდება.
ამასთან, ნარმანიამ განმარტა განსხვავებები, რომლებიც ორ სისტემას შორისაა.
"ჩვენ ვალდებულება ევროპასთან ინტეგრაციის დღის წესრიგით გვაქვს, რომ 2026 წლის ბოლოსთვის უკვე თავისი თავი უნდა ამოწუროს ნეტო აღრიცხვამ და 2027 წლის პირველი იანვრიდან ნეტო დარიცხვაზე გადავიდეთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან საკმაოდ მაღალი ტემპებით წავიდა მწვანე ენერგიის ინსტალაცია, ვფიქრობთ, რომ უფრო ადრე გადავიდეთ ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე.
ნეტობილინგზე, ანუ ახალ სისტემაზე გადასვლას რაც შეეხება, კანონპროექტი მომზადებულია, დაინიიცირდება ძალიან მალე და ამის შესაბამისად, როგორც კი იქნება კანონში ცვლილება მიღებული, ჩვენ, მარეგულირებელი კომისია მზად ვართ, რომ დავადგინოთ წესი, რომლის შესაბამისადაც, როგორც ევროპაში მეოთხე ენერგეტიკული პაკეტით არის მოთხოვნა, ნეტო დარიცხვაზე გადავიდეთ. თუ ნეტო აღრიცხვის სისტემაში წელიწადში ერთხელ ხდება გაქვითვა და ანგარიშსწორება, ნეტო დარიცხვის შემთხვევაში, ყოველთვიურად მოხდება. მომხმარებელი მის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, ხოლო ენერგია, რომელიც მისი მწვანე ენერგიის ობიექტის მიერ იქნება გამომუშავებული და ქსელში შეშვებული, მასზე კომპანიები მომხმარებელს ყოველთვიურად აუნაზღაურებენ შესაბამის თანხას", - ამბობს დავით ნარმანია.
კითხვაზე, როგორ აისახება ახალი სისტემა მწვანე ენერგიაში ინვესტირების მიმზიდველობაზე, დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ ეს მოდელი მნიშვნელოვანია როგორც ფულის ჩადების, ისე გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
"არც ნეტო აღრიცხვა და არც ნეტო დარიცხვა არაა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საინვესტიციო პროექტების წყარო, ესაა როგორც წესი გარემოსდაცვითი და მომხმარებლების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოფიქრებული სისტემა. მომხმარებელი თუ გააკეთებს მწვანე ენერგიაში ინვესტირებას, რა თქმა უნდა, ის რამდენიმე წელიწადში მის მიერ ჩადებულ ფულს ამოიღებს და უკვე პრაქტიკულად უფასო ელექტროენერგია და დამატებითი შემოსავალი ექნება. ასე რომ, ფულის ჩადების, ისევე როგორც გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ეს ახალი მოდელი ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
საკითხი BMG-სთან ასევე შეაფასა მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ. ის მიიჩნევს, რომ ახალი სისტემა ისეთივე მოგებიანი ვერ იქნება მომხმარებლისთვის, როგორიც ნეტო აღრიცხვაა.
"ნეტო აღრიცხვაში არსებობს სეზონური გაქვითვის მოდელი, ანუ ზაფხულში გამომუშავებული ენერგიის გაქვითვა ზამთარში ხდება. ასევე, არ იხდი ქსელის მომსახურების საფასურს. ეს ყველაფერი ნეტბილინგის მოდელში გადასახდელი იქნება. რამდენი და როგორ - ეს დეტალები კანონპროექტში უნდა ვნახოთ. თუმცა ვფიქრობ, რაღაც დონეზე მაინც იმუშავებს და განსაკუთრებით, დიდი კომპანიებისთვის წამახალისებელი მექანიზმი იქნება. თუმცა ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ნეტო აღრიცხვით ფიზიკური პირები ვეღარ ისარგებლებენ. ამ კუთხით სემეკთან კომუნიკაციას აუცილებლად გავაგრძელებთ, რომ ნეტო აღრიცხვის პროგრამა ფიზიკური პირებისთვის მაინც იქნეს შენარჩუნებული", - თქვა თორნიკე დარჯანიამ.
ნეტო აღრიცხვის სისტემაში სიმძლავრე 500 კილოვატიდან 100 კილოვატამდე აღარ შემცირდება, გადაწყვეტილება სემეკმა 27 თებერვლის სხდომაზე მიიღო. განხილვაზე "ენერგო პრო ჯორჯია" სიმძლავრის შემცირებას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ უკვე შეივსო 14%-იანი ლიმიტი დამატებით დატვირთვას კი ქსელი ვერ გაუძლებდა. სემეკმა დაადასტურა, რომ დამატებით "ენერგო პროს" ქსელში სიმძლავრეების ინტეგრაცია შესაძლებელია, ამიტომ ერთის მხრივ სიმძლავრე 500-დან 100 კილოვატამდე არ შეამცირა, 14%-იანი ზღვარი კი როგორც "ენერგო პროს", ისე "თელასის" შემთხვევაში 20%-მდე გაზარდა.