საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი, თორნიკე დარჯანია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიკროსადგურების ზღვრის 14-დან 20%-მდე ზრდის დადებით და უარყოფით მხარეებს ასახელებს.
როგორც მან სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-სთან განაცხადა, პოზიტიურია რომ კვლავ შეძლებენ მომხმარებლები სარგებლობას, თუმცა უკვე 20%-იანი ზღვრის მიღწევის შემდეგ, ვეღარავინ ჩაერთვება სისტემაში.
"ერთი მხრივ, ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია იმ თვალსაზრისით, რომ მეტი სიმძლავრის ინტეგრაციის შესაძლებლობას იძლევა, გარდა ამისა, ბევრი მომხმარებელია, რომელმაც ვერ მოასწრო, 14%-მდე რესურსი ძალიან მალე ამოიწურა და ეს შესაძლებლობას მისცემს. თუმცა ჩემს კითხვაზე, რომელიც სხდომაზე დავსვი: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამოიწურება ეს სიმძლავრე, ანუ 20%-ს მივაღწევთ? პასუხად მივიღე, რომ ჩაიკეტება სრულად, ეს ნიშნავს, რომ შემდგომ ნეტო აღრიცხვის რეგულაციაში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს. ეს, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უარყოფითი და ცუდი შედეგია ამ ყველაფრის, რადგან ფიზიკური პირები, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელმაც ვერც მანამდე მოასწრეს და მომავალშიც ენდომებათ პროგრამით სარგებლობა, მათთვის ეს შესაძლებლობა სრულად ქრება", - ამბობს თორნიკე დარჯანია.
მისივე თქმით, სემეკისგან არის დაპირება, რომ ნეტბილინგის (Net billing) კანონპროექტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება. მისივე შეფასებით, ნეტბილინგი ისეთივე მოგებიანი ვერ იქნება მომხმარებლისთვის, როგორიც ნეტო აღრიცხვაა.
"რაც დაპირებად მივიღეთ ისაა, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში გატანილი იქნება კანონი ნეტბილინგის შესახებ, რომელსაც ამ ეტაპზე არ ვიცნობთ და შეფასებას ვერ გავაკეთებ. ეს იქნება ჩამნაცვლებელი არსებული ნეტო აღრიცხვის სისტემის.
ნეტო აღრიცხვაში არსებობს სეზონური გაქვითვის მოდელი, ანუ ზაფხულში გამომუშავებული ენერგიის გაქვითვა ზამთარში ხდება. ასევე, არ იხდი ქსელის მომსახურების საფასურს. ეს ყველაფერი ნეტბილინგის მოდელში გადასახდელი იქნება. რამდენი და როგორ - ეს დეტალები კანონპროექტში უნდა ვნახოთ. თუმცა ვფიქრობ, რაღაც დონეზე მაინც იმუშავებს და განსაკუთრებით, დიდი კომპანიებისთვის წამახალისებელი მექანიზმი იქნება. თუმცა ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ნეტო აღრიცხვით ფიზიკური პირები ვეღარ ისარგებლებენ. ამ კუთხით სემეკთან კომუნიკაციას აუცილებლად გავაგრძელებთ, რომ ნეტო აღრიცხვის პროგრამა ფიზიკური პირებისთვის მაინც იქნეს შენარჩუნებული", - აცხადებს თორნიკე დარჯანია.
ნეტო აღრიცხვის სისტემაში სიმძლავრე 500 კილოვატიდან 100 კილოვატამდე აღარ შემცირდება, გადაწყვეტილება სემეკმა 27 თებერვლის სხდომაზე მიიღო. განხილვაზე "ენერგო პრო ჯორჯია" სიმძლავრის შემცირებას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ უკვე შეივსო 14%-იანი ლიმიტი დამატებით დატვირთვას კი ქსელი ვერ გაუძლებდა. სემეკმა დაადასტურა, რომ დამატებით "ენერგო პროს" ქსელში სიმძლავრეების ინტეგრაცია შესაძლებელია, ამიტომ ერთის მხრივ სიმძლავრე 500-დან 100 კილოვატამდე არ შეამცირა, 14%-იანი ზღვარი კი როგორც "ენერგო პროს", ისე "თელასის" შემთხვევაში 20%-მდე გაზარდა.