საერთაშორისო დეველოპერული კომპანია NEXT, რომელიც ინოვაციურ პროექტებს საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში ახორციელებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრეს.
სოფიო ჭელიძის განცხადებით, ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანება კომპანიის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, NEXT-მა საქმიანობა აჭარის რეგიონში დაიწყო, თუმცა ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზრებზე გავიდა და ბოლო პერიოდში თბილისის ბაზარზეც შევიდა.
„ბიზნეს ასოციაციის წევრობა ჩვენთვის დიდი პატივია და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გვინდოდა გავმხდარიყავით იმ ეკოსისტემის ნაწილი, რომელსაც ასოციაცია ქმნის. ეს გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ დაგროვილი გამოცდილება, გავაძლიეროთ კავშირები და გავზარდოთ საერთაშორისო თანამშრომლობა“, – განაცხადა ჭელიძემ.
მისივე განმარტებით, კომპანია აქტიურად ოპერირებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ესპანეთში NEXT ვილების ტიპის პროექტს ავითარებს, დუბაიში და კენიაში კი მიმდინარე დეველოპმენტებს სთავაზობს საერთაშორისო ინვესტორებს.
ჭელიძის შეფასებით, დუბაი მზარდი და ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარია, თუმცა განსაკუთრებულ აქცენტს კენიაზე აკეთებს. მისი თქმით, კენიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი გაქირავების შემოსავლიანობით და ზრდის პოტენციალით, რაც მას საინვესტიციოდ განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.
„კენია გაცილებით უფრო მზარდი ბაზარია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მაღალია გაქირავების ფასები და ინვესტორისთვის შემოსავლის პოტენციალი. ეს იყო საკმაოდ თამამი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან, თუმცა დღეს უკვე საერთაშორისო მყიდველს აქტიურად ვთავაზობთ ამ პროექტს“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, კომპანიის ინფორმაციით, აჭარაში პრემიუმ კლასის პროექტები აქტიურად იზიდავს უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც არა მხოლოდ კაპიტალდაბანდებას ახორციელებენ, არამედ თავადაც სარგებლობენ უძრავი ქონებით. ჭელიძის თქმით, თბილისის ცენტრალურ და კულტურულ ნაწილში მიმდინარე ახალი პროექტებიც როგორც არქიტექტურულად, ისე ეკონომიკურად მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვების 60% უცხოელ მყიდველებზე მოდის. მათ შორის არიან ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები, ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპა, განსაკუთრებით პოლონეთი, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები, სადაც NEXT აქტიურად ოპერირებს.
„აქტიურად განვიხილავთ ახალ პროექტებს როგორც თბილისში, ისე სხვა ქვეყნებში. ღია ვართ თამამი ნაბიჯებისთვის და უახლოეს პერიოდში არაერთ სიახლეს დავაანონსებთ“, – განაცხადა NEXT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ლევან ვეფხვაძის თქმით, NEXT-თან თანამშრომლობა უკვე აქტიურ ფაზაშია. მისი ინფორმაციით, კომპანიის გაწევრიანებიდან რამდენიმე კვირაში ასოციაციამ NEXT-თან ერთად საერთაშორისო ფორუმი გამართა, რომელშიც 100-ზე მეტი ბროკერი და ინვესტორი, ასევე ათზე მეტი საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
მისი შეფასებით, NEXT-ის როლი გადამწყვეტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ კომპანიამ სხვადასხვა კონტინენტიდან საქართველოში პროფესიონალებისა და ინვესტორების მოზიდვა უზრუნველყო.
„მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო გეგმები. ტრადიციულ ბაზრებზე რესურსი გარკვეულწილად ამოწურულია და ინვესტორები ახალ რეგიონებს ეძებენ. ამ კონტექსტში საქართველოს წარმოჩენა და საერთაშორისო რუკაზე კიდევ უფრო მკაფიოდ დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. უძრავი ქონება დღეს ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო ალტერნატივად განიხილება“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, თანამშრომლობა ერთჯერადი ფორმატით არ შემოიფარგლება. ბიზნეს ასოციაცია წელს სულ მცირე ოთხ სექტორულ შეხვედრას გეგმავს, მათ შორის ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით. ასევე იგეგმება რეგიონული ფორმატის შეხვედრები იმ რეგიონებში, სადაც კონკრეტული ინდუსტრიები აქტიურად ვითარდება.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ წელს აქცენტი სექტორებისა და რეგიონების მიხედვით საინვესტიციო პოტენციალის უფრო მიზნობრივ წარმოჩენაზე გაკეთდება, რაშიც საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიების, მათ შორის NEXT-ის ჩართულობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.




























