ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ლობირებდნენ. მათ ქართველი ხალხის დასჯა უნდათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვას: "მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშთან დაკავშირებით, ლორა ტორთონი წერს, რომ როდესაც მისია იმყოფებოდა თბილისში რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობოსგან მოისმინეს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დაეყენებინათ, რას ნიშნავს ეს და რა ინტერესი დგას ამის უკან? - კობახიძემ უპასუხა, რომ იმის გამო, რომ ქართველი ხალხი "ოცნებას" მხარს უჭერს, ოპოზიცია და მათი NGO-ები ამით ხალხის დასჯას ცდილობს.
„ეს ალბათ არავისთვის არ არის გასაკვირი, ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. თავის დროზე, როცა განიხილებოდა ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, მაშინაც ეს ადამიანები, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის შესაბამისი NGO-ები აქტიურად ლობირებდნენ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ. ამის შემდეგ გახსოვთ ანალოგიური პროცესები, რაც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აქაც ეს NGO-ები, ისევე, როგორც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პირდაპირ ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი არ სცემდნენ პასუხს კითხვაზე, იმსახურებდა თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ამ ნეგატიური კამპანიის ფონზე ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი.
ახლაც არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ამ ადამიანებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო - ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.