ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში აცხადებს ინტერესის გამოხატვის „ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივა 2026“-ის ფარგლებში, რომლის მიზანია ქართული და ნიდერლანდური კერძო სექტორების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აქვეყნებს.
"ინიციატივა ითვალისწინებს 2026 წლის პირველ ნახევარში სასწავლო ვიზიტის ორგანიზებას ნიდერლანდებში, საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ქართული (და შესაძლოა რეგიონული) კომპანიების წარმომადგენლები გაეცნობიან ნიდერლანდების ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ლოგისტიკურ ეკოსისტემას, რომელიც ცნობილია თანამედროვე საწყობების მართვის სისტემებით, ციფრული გადაწყვეტილებებით, ავტომატიზაციითა და ეფექტიანი მიწოდების ჯაჭვების მოდელებით.
ვიზიტის მიზანია, მონაწილეებმა პრაქტიკულად შეისწავლონ ინოვაციური მიდგომები სასაწყობო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ტვირთების დამუშავების ოპტიმიზაციაში, ტრანსპორტირებისა და განაწილების პროცესების გაუმჯობესებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის. საელჩოს შეფასებით, ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ ვიზიტის სრულყოფილ ორგანიზებას. შერჩეული ორგანიზაცია ითანამშრომლებს ნიდერლანდების საელჩოსთან თბილისში და პარტნიორებთან ნიდერლანდებში, მონაწილე კომპანიების შერჩევის, მათი საჭიროებების ანალიზის, შესაბამისი საწარმოების განსაზღვრისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ასევე, ვიზიტის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს ანგარიში მიღწეული შედეგებისა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.
ინიციატივის ბიუჯეტი განისაზღვრება მაქსიმუმ 75 000 ლარით. განაცხადების მიღება ხდება ინგლისურ ენაზე, ორგანიზაციის შესაძლებლობებისა და დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერით, ასევე ზოგადი ბიუჯეტის მითითებით. ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 იანვარი,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




























