ნიდერლანდების ვადამდელი არჩევნები პროევროპული პოზიციების მქონე ლიბერალი პოლიტიკოსის, რობ იეტენის გამარჯვებით დასრულდა. მართალია, მისმა კონკურენტმა და "ნიდერლანდელ ტრამპად" ცნობილმა ხეერტ ვილდერმა ხმათა თითქმის იგივე რაოდენობა მოიპოვა და პარლამენტში ასევე 26 დეპუტატის შეყვანა შეძლო, თუმცა იეტენის D66-მა გასული არჩევნების შემდეგ მხარდამჭერთა რაოდენობა თითქმის გაისამმაგა. ხოლო ვილდერს პოზიციები შეუსუსტდა და 11 სკამი დაკარგა. აქვე უნდა ითქვას, რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის PVV-ს, იგივე თავისუფლების პარტიას იეტენმა 2000-მდე ხმით აჯობა.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვილდერის კოალიციის ყოფილმა წევრმა, მემარჯვენე-ცენტრისტმა VVD-მ 22 მანდატის მოპოვება შეძლო. რაც შეეხება ლეიბორისტებისა და მწვანეების გაერთიანებას, მას პარლამენტში 20 დეპუტატის შეყვანა შეეძლება. კიდევ ერთი მსხვილი პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა და საკანონმდებლო ორგანოში 18 ადგილს დაიკავებს, ქრისტიან-დემოკრატები არიან.
ნიდერლანდებში მოელოდნენ, რომ ეს არჩევნები ხეერტ ვილდერის უპირობო ლიდერობით დასრულდებოდა და ის ახალი კოალიციის შექმნის პროცესში საკუთარ პოზიციებს მეტად გაიტანდა. შესაბამისად, პოლარიზაციას დაასრულებდა და ქვეყანას ულტრამემარჯვენე, ბრიუსელისადმი სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკით მართავდა. თუმცა გუშინ გვიან ღამით გამოცხადებულმა შედეგებმა ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. რადგან რობ იეტენის პარტიამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბების უფლება პირველს მას ექნება. გამარჯვებული D66 ხეერტ ვილდერთან ერთად მთავრობის ჩამოყალიბებას კატეგორიულად გამორიცხავს. შესაბამისად, მას მოუწევს ან VVD-სთან პოზიციების დაახლოება და და სხვა მცირე, მემარჯვენე პარტიებთან შეკვრა, ან ე.წ. დიდი კოალიციის ჩამოყალიბება, რომელშიც მეტ-ნაკლებად ცენტრისტი მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები გაერთიანდებიან.




























