ევროპულ ბაზარზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნიდერლანდებში ახალი კამპანია განახორციელა. უწყების ინფორმაციით, ნიდერლანდურმა ტელეარხმა RTL 4-მა, საქართველოში საელჩოსთან თანამშრომლობით, ქვეყნის შესახებ ვრცელი გადაცემა „Let’s Visit Georgia“ მოამზადა.
პროექტის ფარგლებში, ტელეარხის ეთერით საზოგადოებას საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ქართული კულტურა, სამზარეულო და ღვინო გააცნეს.
ამასთან, RTL 4-თან ერთად, მომზადებული გადაცემა და 7 სარეკლამო ვიდეორგოლი ნიდერლანდებში პოპულარულ ონლაინპლატფორმა Videoland-სა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზით, დამატებითი ჩვენებების გათვალისწინებით, პროექტს ჯამურად მილიონამდე მაყურებელი იხილავს.
გადაცემის მომზადება ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში მოხდა. ნიდერლანდელი მედიის წარმომადგენლები გადაღებებს რამდენიმე ლოკაციაზე - თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში აწარმოებდნენ.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი მედიაკამპანიები ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ზრდას და საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას.
როგორია ნიდერლანდებიდან ტურიზმის სტატისტიკა?
საქსტატის ტურიზმის სტატისტიკის პორტალის თანახმად, ნიდერლანდებიდან საქართველოს რეკორდული რაოდენობის, 22 908 ტურისტი 2019 წელს ეწვია. მას შემდეგ მსგავსი შედეგი აღარ დაფიქსირებულა, თუმცა პანდემიური 2020 წლიდან მიმდინარე წლის ჩათვლით, საერთაშორისო ვიზიტების ზრდის ტემპი შეინიშნება:
| წელი | ვიზიტების ჯამური რაოდენობა |
| 2020 | 2,192 |
| 2021 | 4,250 |
| 2022 | 11,379 |
| 2023 | 14,801 |
| 2024 | 18,759 |
| 2025 | 20,087 |




























