მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიგერიამ და აშშ-მა სამთო-მოპოვებით სექტორში ინვესტიციების გაზრდაზე შეთანხმება გააფორმეს

აშშ და ნიგერია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიგერიასთან სამთო-მოპოვებით სექტორში ამერიკული ინვესტიციების გაღრმავების შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოაწერა. მხარეებმა დოკუმენტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააფორმეს.

ნიგერიის მყარი სასარგებლო წიაღისეულის მინისტრმა, დელე ალაკემ განმარტა, რომ ახალი პარტნიორობა მიზნად $700 მილიარდად შეფასებული ეროვნული რესურსების ათვისებას ემსახურება. ეს ჩარჩო ხელშეკრულება გეოლოგიური მონაცემების შეგროვებას, საბადოების დაზვერვას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას მოიცავს.

ამასთან, ოფიციალური აბუჯა ახალი შეთანხმებით ნედლეულის ადგილზევე გადასამუშავებელი სიმძლავრეების გაძლიერებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. მინისტრის განმარტებით, ნიგერია აღარ შეეგუება იმ არახელსაყრელ რეალობას, როცა ადგილობრივი რესურსებიდან შექმნილი საბოლოო დოვლათის უდიდესი ნაწილი გარე აქტორების ხელში ხვდება. დელე ალაკემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა პარტნიორებისგან ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას აპირებს.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ მხარეები კონკრეტულ კომერციულ პროექტებს შეარჩევენ და იქ აღმოჩენილ მადანს ადგილზე დაამუშავებენ. შესაბამისად, ძვირფასი მეტალების ექსპორტი უცხოეთში ნედლი სახით აღარ განხორციელდება.

ცნობისთვის, ნავთობის უდიდეს მარაგებთან ერთად, ნიგერია ლითიუმის, ოქროს, კალიუმის, ძვირფასი ქვების, რკინის მადნისა და ფოსფატის მნიშვნელოვან საბადოებს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები