Baby boomer, თაობა X, თაობა Y - ანუ მილენიალები, ყველა ამ თაობას თანამედროვე მსოფლიოში განსხვავებული მოთხოვნები, მახასიათებლები და ინტერესები გამოარჩევს, მათ შორის განსხვავდება ეკონომიკაში მათი ჩართულობის ნაწილიც.
დღეს ეკონომიკაში ყველაზე მსხვილ და მომავალ კონტრიბუტორ თაობად 1997-2012 წლებში დაბადებულ Z თაობას, იგივე Early Adapter-ებს განიხილავენ. ეს მომავლის თაობაა, რომლებიც ბავშვობიდან სრულიად სხვაგვარ რეალობაში აღმოჩნდნენ და განსხვავებული შესაძლებლობებისა და მოთხოვნების სამყაროში გაიზარდნენ.
Z თაობა მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიების კვლევის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ისინი ცდილობენ გამოიკვლიონ ახალი თაობა, ამისთვის კი მილიონობით დოლარის ინვესტიციას დებენ კვლევებში, რადგან სულ რამდენიმე წელიწადში სწორედ ისინი გახდებიან ბაზარზე არსებული კომპანიების მთავარი მომხმარებლები.
გამომდინარე იქიდან, რომ Gen Z-ის წევრები ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში გაიზარდნენ, მათთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ის ბრენდებია, რომლებმაც ელექტრონული კომერციის მიმართულება წარმატებით განავითარეს და მომხმარებელს სწრაფ და კომფორტულ ონლაინ შოპინგს სთავაზობს. ამ თაობის მომხმარებლის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება ის არის, რომ ისინი უფრო მეტად ზრუნავენ ბრენდის ეთიკასა და მდგრად მოხმარებაზე, ვიდრე სხვა თაობები.
ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების რომელი ბრენდებია დღეს Z თაობისთვის ყველაზე მიმზიდველი? - ამ კითხვაზე საპასუხოდ Piper Sandler-მა 9,193 ამერიკელი მოზარდი გამოჰკითხა და მიღებული შედეგები, უახლეს კვლევაში გააერთიანა.
როგორც კვლევიდან დგინდება, Gen Z-ის საყვარელ ბრენდებს შორის ცალსახად Nike-ი დომინირებს, რომელსაც გამოკითხულთა 35%-ი ტანსაცმლის, ხოლო 61%-ი ფეხსაცმლის საუკეთესო ბრენდად ასახელებს.
ტანსაცმლის ბრენდებს შორის, Nike-ის შემდეგ, პოზიციებს Lululemon, American Eagle, Pacsun და Shein ინაწილებენ. ფეხსაცმლის ბრენდებში კი, Nike-ს Converse, Adidas, New Balance და Vans მოსდევს.
რაც შეეხება ჩანთებსა და სხვა აქსესუარებს, ამ მიმართულებით Gen Z-ის ფავორიტ ბრენდებს შორის პოზიციებს: Coach, Louis Vuitton, Kate Spade, Michael Kors და Chanel ინაწილებენ.
Piper Sandler-ის კვლევამ ასევე ცხადყო ისიც, რომ Gen Z-ის მიერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაღებული ხარჯები პანდემიის შემდეგ შემცირებულია, ამის მიზეზად კი კვლევის ავტორები ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელს მოიაზრებენ. ტანსაცმელზე გაღებული ხარჯები წლიურ ჭრილში 9%-ით, ხოლო ფეხსაცმელზე - 5%-ით არის შემცირებული. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამის პარალელურად აქსესუარებზე გაღებული თანხა მზარდია და წინა წელთან შედარებით ხარჯი 8%-ით არის გაზრდილი.
რა გამოარჩევს თავად Early adapter თაობას და როგორ შეიძლება მათი გულის მოგება ეს ცალკე ამბავია, თუმცა რაც ყველა კომპანიისთვის გასათვალისწინებელია ის არის, რომ 1997 -2012 წლებში დაბადებულების თაობა ამა თუ იმ პროდუქტისა და მომსახურების შეძენამდე ჯერ კომპანიას სწავლობენ. Z თაობის დაახლოებით 50% ისეთ კომპანიებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც ნივთების კლასიფიცირებას სქესის მიხედვით არ ახდენს. ამავე დროს 70%-ზე მეტი უარს ამბობს ისეთ პროდუქტსა თუ სერვისზე, რომელიც ჰომოფობიური ან რასისტული შინაარსის მატარებელია.
სწორედ Z თაობის განსხვავებულმა მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ ტრენდები, რომლებიც წლების წინ აქტუალური იყო, დღეს მნიშვნელობას კარგავს. იმ კომპანიებს კი, რომლებსაც ამ თაობის წარმომადგენლების ყურადღების მიქცევა სურთ, მათ ნებისმიერი სერვისი თუ პროდუქტი აუცილებლად პერსონალიზებული გზით უნდა შესთავაზონ.