წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ამერიკული სპორტული ტანსაცმელების მწარმოებელი კომპანია Nike, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან 2011 წლიდან თანამშრომლობს, როგორც მამაკაცთა ისე ქალთა ეროვნული გუნდებისთვის მაისურების დამზადებას 2034 წლამდე გააგრძელებს.
მხარეებს შორის ამჟამინდელი კონტრაქტი მომდევნო, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლითაა გაფორმებული და ახალი ხელშეკრულების თანახმად ის დამატებით კიდევ ორ მუნდიალს მოიცავს.
ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის მიხედვით ფრანგები ამ შეთანხმებით წელიწადში 100 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც 2018 წელს დადებული კონტრაქტის გაორმაგებული ვარიანტია. აღნიშნული პირობები გერმანიის საფეხბურთო კავშირის ანალოგიურია, რომელიც 2027 წელს ამოქმედდება.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ფილიპე დიალო ამ გარიგებით გახარებულია, რადგან მსოფლიოს უძლიერესმა სპორტულმა ბრენდმა ნდობა გამოუცხადა მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონს:
“როდესაც მე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს ხალხს დავპირდი, რომ ჩვენს ნაკრებს შევუნარჩუნებდი მდგრადობას ყველა მიმართულებით: სოციალური მრავალფეროვნება, განახლებული პრაქტიკები, ქალთა და სამოყვარულო ფეხბურთი და ა.შ. ჩვენ და Nike-ს საერთო ხედვა გვაქვს, რაც მომდევნო დეკადის განმავლობაში აქტიური თანამშრომლობის საშუალებასაც მოგვცემს. განვლილ 15 წელიწადში ერთად ყველა მწვერვალი დავიპყარით და კიდევ ბევრის მიღწევის რესურსი გაგვაჩნია” - განაცხადა ფილიპე დიალომ.
ეს გარიგება Nike-სთვის დიდი გამარჯვებაა, რადგან მისი კონკურენტები ფრანგებთან კომუნიკაციაში Puma და Adidas-ი იყვნენ. საფრანგეთის მამაკაცთა ნაკრებს ერთ-ერთი საუკეთესო დროება უდგას არსებობის ისტორიაში, ხოლო ქალთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, რაც ასევე გამორჩეული შედეგია.