მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი დაკავებულია - შსს

615ef66ee1fe6
ინგა მურუსიძე
07.10.21 17:27
2038
2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს, - განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს.

ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გ.კ.-სთან ერთად მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი ა. ჭ. და გ.კ. ქალაქ თბილისში, წყნეთში დააკავეს.

საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ნიკოლოზ კვარაცხელიას bm.ge-ს მკითხველი იცნობს, ის Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში მოხვდა. ნიკო კვარაცხელიამ საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შექმნა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ინფორმაციას, შესაძლებელია არხების ყურება, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ.

ცნობისთვის, უშუალოდ Feedc-ი უკვე 250 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. Alexa.com-ის მონაცემებით, ის ვებზე ე.წ „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ყველა საიტთან (მათ შორის Facebook, Google) მიმართებაში, მე-20 ადგილზეა.


გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები