სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, შესაძლოა, სომხეთის რკინიგზის კონცესიური მართვის უფლება, რომელიც ამჟამად რუსეთის ხელშია, იმ ქვეყანამ გამოისყიდოს, რომელსაც ორივე სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ფაშინიანმა ფიქრობს, რომ ამით სომხეთი საერთაშორისო მარშრუტების კუთხით კონკურენტულ უპირატესობას შეინარჩუნებს.
როგორც OC Media წერს, სომხეთის პრემიერმა ასეთ ქვეყნებად ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) და კატარი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს 30-წლიანი საკონცესიო ხელშეკრულების საფუძველზე, სომხეთის რკინიგზის მართვა რუსეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიას „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ გადაეცა.
OC Media-ს ინფორმაციითვე, რკინიგზაზე რუსული მმართველობის უარყოფითი გავლენის შესახებ ფაშინიანმა საჯაროდ პირველად საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
"საერთაშორისო კონტექსტში ვხედავთ, რომ რკინიგზის ამ მონაკვეთის რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნას ყარსი-დილუჯუს მარშრუტის უფრო ხელსაყრელად წარმოსაჩენად იყენებენ. ეს ჩვენთვის პრობლემაა, რადგან გამოდის, რომ მზა რკინიგზის პირობებში კონკურენტულ უპირატესობას ვკარგავთ“, - ამბობდა მაშინ ფაშინიანი.




























