ბავშვის სამოსის მწარმოებელი კომპანია "ნიკოლი" 2025 წელს ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებაზე იმუშავებს - წლის საექსპორტო გეგმებზე BMG-სთან ბრენდის დამფუძნებელი, ნიკა ნიკოლაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩინეთის ბაზარზე კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს.
"ექსპორტის მიმართულებით მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო სტაბილური პარტნიორის მოძიება, რომელსაც ყოველწლიურად ყველა კოლექციას გაუგზავნი. 2024 წლის მთავარი მიმართულება იყო ჩინეთის ბაზარი, ერთ-ერთ ევროპულ გამოფენაზე გავიცანით ჩინელი პარტნიორი, რომელმაც ჩვენი პროდუქტი TaoBao-ზე განათავსა. შემდეგ თავად გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა ძალები ჩინურ ბაზარზე, მივიღეთ მონაწილეობა გამოფენაში. გამოხმაურება მოსალოდნელზე უფრო უკეთესი აღმოჩნდა.
არსებობს მოსაზრება, რომ ჩინეთის ბაზარი ისედაც მრავალფეროვანია და ვერ შევძლებთ, მათ რამე ახალი შევთავაზოთ. თუმცა სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, ჩვენმა პროდუქტმა ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა და გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო მეტად შევიდეთ ჩინურ ბაზარზე. ამ წლის გეგმებშია, რომ თავად დავიწყოთ გაყიდვები ჩინეთის ბაზარზე - პოტენციალი საკმაოდ დიდია", - ამბობს ნიკოლაშვილი.
"ნიკოლის" დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ ბრენდი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ევროპულ გამოფენებში და ღიაა შემოთავაზებებისთვის შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, საიდანაც ინტერესი მაღალია.
გასული წლის შედეგებზე საუბრისას ნიკა ნიკოლაშვილმა აღნიშნა, რომ ბრენდის გაყიდვები გაიზარდა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა კრიზისმა თავისი გავლენა იქონია ბიზნესზე.
"2024-ში ზრდა გვქონდა როგორც საცალო, ასევე კორპორაციული მიმართულებით, თუმცა მოლოდინი ცოტა უფრო მეტი იყო. გარე ფაქტორებმა მაინც იქონია გავლენა, ყველას გვახსოვს პროცესები როგორი იყო წლის დასაწყისში, წლის ბოლოს კიდევ უფრო გაუარესდა ვითარება, ამან თავისი გავლენა იქონია ჩვენზე. საბოლოო ჯამში მაინც დადებითად ვაფასებთ წელს. საცალო გაყიდვების მიმართულებით ზრდა 15% იყო, ხოლო კორპორაციული მიმართულებით - 20%" - ამბობს "ნიკოლის" დამფუძნებელი.
წარმოების თანამდევ გამოწვევად ნიკოლაშვილი კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს, რის გამოც კომპანიას საფასო კატეგორიის მცირედი კორექტირება უწევს.
"2024 წელს ფასები მკვეთრად არ შეგვიცვლია. იყო მცირედი ცვლილება, გამომდინარე იქიდან, რომ მუშახელის დეფიციტია და გვიწევს, რომ სახელფასო პოლიტიკას გადავხედოთ ხოლმე დროდადრო, რათა კადრები შევინარჩუნოთ და ვიზრუნოთ თანამშრომლობაზე. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ფინანსებზე, თუმცა ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილურია. იყო პერიოდი, როცა მკვეთრი ზრდა გვქონდა, მაგრამ ბოლო 2 წელია მსგავსი რამ არ ყოფილა", - აღნიშნა ნიკა ნიკოლაშვილმა.
საბავშვო სამოსის მწარმოებელი "ნიკოლი" ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და 1-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქმნის სამოსს. კომპანია თბილისში სამი და ბათუმში ერთი ფილიალითაა წარმოდგენილი.