მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ეკოლოგიური პროექტების განხორციელება არცერთ ეტაპზე არ შეჩერებულა

602386c58a9bf
BM.GE
10.02.21 11:09
2137
„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში 6000-მდე სამუშაო ადგილს ქმნის და მისი პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში 6%-ს შეადგენს. მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, კომპანიას მუშაობა საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი არ შეუჩერებია. როგორი იყო გასული წელი კომპანიისთვის, რა შეიცვალა ბოლო წლებში იმერეთის რეგიონში, სადაც „ჯორჯიან მანგანეზი“ ოპერირებს, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ასევე, რატომ გახდა 2020 წელს სახელმწიფოს მიერ დანიშნული მმართველისთვის ვადის გახანგრძლივება საჭირო, როგორია გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიის სამომავლო გეგმები და მიზნები, ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი საუბრობს.

როგორ შეაფასებთ გასულ წელს და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა COVID19-ის პირობებში სამრეწველო ბიზნესი?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის გამო, ჩვენს არცერთ ობიექტს მუშაობა არ შეუჩერებია. ეპიდსიტუაციური გართულებების მიუხედავად, ჩვენს კომპანიაში ყოველთვის მაქიმალურად იყო დაცული დასაქმებულების უსაფრთხოება. თანამშრომლების სკრინინგს დღემდე ყოველდღიურად ვახორციელებთ, PCR ტესტირებას კი ყოველ ორ კვირაში ერთხელ. სიტუაციის შედარებით დასტაბილურების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგულაციებს, ამ მომენტამდე მკაცრად და ზედმიწევნით ვასრულებთ.

რაც შეეხება გამოწვევებს, მძიმე მრეწველობის დარგმა დარტყმა ორი მხრიდან მიიღო, პირველი საბოლოო პროდუქციის ფასის თვალსაზრისით, მეორე კი - სარეალიზაციო ბაზრებზე შემცირებული რაოდენობის მხრივ. რა თქმა უნდა ამას არავინ ელოდა, არც ერთი კომპანიისთვის არ არის კარგი საერთო საექსპერტო მაჩვენებლებში ფასთა კლება. თუმცა, ჩვენ ეს კრიზისული სიტუაცია მეტნაკლებად დავძლიეთ და გავუძელით რთულ გამოწვევებს. კომპანიას სამუშაო კიდევ ბევრი აქვს...იმედი გვაქვს, თანდათან მსოფლიოც დაუბრუნდება ჩვეულ დღის წესრიგს და სიტუაცია საექსპორტო ბაზრების ნაწილშიც დარეგულირდება.
ამასთან, არცერთ ეტაპზე შეჩერებულა იმ ეკოლოგიური პროექტების განხორციელება, რომელიც ჩემი მმართველობის პერიოდში დაიწყო. მოგეხსენებათ, როგორც სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს. სასამართლოს წინაშე მაქვს ვალდებულება, ყოველი თვის ბოლოს წარვადგინო კონკრეტული სამუშაოების შედეგები და ეს ვალდებულება ყველა ეტაპზე შევასრულე.

ეკოლოგიური პროექტები ახსენეთ და რომ მოგვიყვეთ, რა გამოწვევების წინაშე იდგა „ჯორჯიან მანგანეზი“ 2017 წლის მაისში, მაშინ როცა კომპანიაში სახელმწიფოს მიერ სპეციალურ მმართველად დაინიშნეთ?

„ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალურ მმართველად 2017 წელს დავინიშნე. ამის წინაპირობა ჭიათურაში მძიმე სიტუაცია გახდა - მუნიციპალიტეტი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე იდგა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მენეჯმენტს სახელმწიფოსგან არაერთი გაფრთხილება და ჯარიმა ჰქონდა მიღებული და შესაბამისმა უწყებამ მას გონივრული ვადებიც მისცა, სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერი კეთდებოდა. ამ ყველაფრის ფონზე, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიაში სპეციალური მმართველი შეეყვანა. სავარაუდოდ, ჩემი კანდიდატურის შერჩევა, ჩემმა გამოცდილებამ განაპირობა, ეს სფერო ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან წლების მანძილზე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ვმუშაობდი.

თავდაპირველად, ამ პოზიციაზე, სამი წლის ვადით დავინიშნე. მივიღე დავალება, რომ წარმომედგინა დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევებს აღმოფხვრიდა და ეკოლოგიურ მდგომარეობას ეტაპობრივად გამოასწორებდა. ის გეგმა, სადაც ასახული იყო ჩემი ხედვები, ასევე, თუ რა დროში, რა ფორმით და როგორ წარვმართავდი კომპანიის სალიცენზიო და სანებართვო ვალდებულებების შესრულების პროცესს, სასამართლოში წარვადგინე.

რას ითვალისწინებდა აღნიშნული გეგმა?

აღნიშნული გეგმის თანახმად, ეკოლოგიისა და რეკულტივაციის სამსახური უნდა შექმნილიყო, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით, საწარმოში არსებულ მდგომარეობას შეაფასებდა და მონიტორინგს გაუწევდა; ასევე, უნდა ჩაგვეტარებინა გარემოსდაცვითი აუდიტი; აღგვეჭურვა და შეგვექმნა ეკოლოგიური ლაბორატორია; მოსამზადებელი იყო საწარმოო ნარჩენების მართვის გეგმაც; ასევე, ეტაპობრივად, უნდა მოგვეხდინა ძველი და ახალი ტერიტორიების რეკულტივაცია; მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ მადნით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები ძარების გადახურვის გარეშე ქალაქის ტერიტორიაზე აღარ გადაადგილებულიყვნენ; გადაგვედგა ნაბიჯები მდინარე ყვირილას დაბინძურებისაგან დასაცავად და წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად; გადაგვეჭრა შლამების განთავსებისა და დასაწყობების პრობლემა; აგვეშენებინა ახალი გამამდიდრებელი ქარხანა და ექსპლუატაციაში გაგვეშვა, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ჩვენ დავიწყეთ გარემოსდაცვითი პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრა და პირველ 3 წელში ბევრი წარმატებული ნაბიჯიც გადავდგით. როდესაც სპეციალურ მმართველად დავინიშნე, კანონი არ მავალდებულებდა გადაწყვეტილებები კომპანიის მაშინდელ მენეჯმენტთან შემეთანხმებინა, თუმცა, თავიდანვე, პირადად ჩემი გადაწყვეტილებით, შევთანხმდით, რომ კომპანიას ძველ მენეჯმენტთან ერთად, ერთობლივად ვმართავდით და ყველა გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმებით მივიღებდით.

რაც შეეხება რეკულტივაციას, რა მოცულობის სარეკულტივაციო სამუშაოები განახორციელა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში?

ჭიათურაში რეკულტივაციის სამუშაოები წლების განმავლობაში ფაქტობრივად არ ხორციელდებოდა და ასობით ჰექტარზე, გაუვარგისებული ტერიტორიები მიტოვებული იყო... ეს ადრე, ახლა კი ჭიათურაში, დამუშავებულ კარიერებზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ. ჩვენს მიერ მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რეკულტივირებული ტერიტორიების საერთო მოცულობა წელიწადში მინიმუმ 50 ჰექტარს შეადგენს.

დღეისათვის, კომპანიას, ჭიათურის მასშტაბით, სრულად აქვს აღწერილი ტერიტორია, სადაც რეკულტივაციები უნდა განხორციელდეს. აღწერილია არა მხოლოდ ტერიტორიები, რომელთაც უშუალოდ კომპანია ამუშავებს, არამედ, ის ფართობებიც, სადაც ე.წ. „კოოპერატორები“ ოპერირებენ და ასევე წინა წლებში უკანონოდ დამუშავებული ტერიტორიებიც.

უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, კონკრეტულად რომელი პრობლემების მოგვარება შეძლო სპეციალურმა მმართველმა 2017-2020 წლებში?

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პირველი პროექტი, რაც განვახორციელეთ, ეს მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობა იყო, რომელიც გერმანული კომპანია "ოლ მინერალის" ტექნოლოგიით განხორციელდა. ახალი ტექნოლოგიით, საწარმოო პროცესი დახურული ციკლით წარიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნედლეულის გადამუშავების პროცესში, მდინარეში წყლის ჩადინების ნაცვლად, მისი მრავალჯერადი გაფილტვრა და საწარმოო ციკლში ხელახალი გამოყენება ხდება, რაც მდინარის დაბინძურებას სრულად გამორიცხავს.

ასევე, 2018 წელს, ჭიათურაში, ე.წ. ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაწყობებული აგლომერატისგან მდინარე ყვირილას დაცვის პროექტი განვახორციელეთ. პროექტის ფარგლებში მოეწყო დამცავი კედელი, რომელიც ყვირილასა და აგლომერატს ერთმანეთისგან ჰყოფს. აღსანიშნავია, რომ აგლომერატი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, უშუალოდ მდინარის კალაპოტში იყო დასაწყობებული და ადიდების დროს მისი ყვირილაში ჩადინება ხდებოდა.

ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, 2019 წელს ახალი სარკინიგზო მიმღების ტერმინალის მოწყობა - ტვირთის დასაწყობება ჭიათურაში, რკინიგზის სასაწყობე ტერიტორიაზე ხდება, საიდანაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ვაგონებით გადაიზიდება. ასევე, პეროქსიდული მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მადნის დამშვები და მიმღები მოედანი ავაშენეთ. საბადოებიდან მოპოვებული მანგანუმის შემცველი მადნები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე აკუმულირდება და ახალ გამამდიდრებელ ფაბრიკას რკინიგზის საშუალებით მიეწოდება. ამით მაქსიმალურად შევამცირეთ გარემოზე ზიანის მიყენება. ამავდროულად, ამან პრაქტიკულად გადაჭრა მოასფალტებული გზით ტალახით დაბინძურების პრობლემა. იმ ყველა საკვანძო ტერიტორიაზე, სადაც მანგანუმის მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები გადაადგილდება, 8 ავტოსამრეცხაო (ე.წ. კერხერები) მოვაწყვეთ. ამან პრაქტიკულად გადაჭრა დასახლებული ტერიტორიების ტრანსპორტით დამტვერიანების პრობლემა. ამის გარდა, შევიძინეთ ქუჩების მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი 8 სპეციალური ავტომანქანა, რომელიც ჭიათურისა და ზესტაფონის ქუჩების ყოველდღიური დასუფთავებისთვისაა განკუთვნილი. ეს ძალიან ძვირადღირებული ტექნიკაა და თავისთავად ღირებულია ორივე ქალაქისთვის. სპეციალური მანქანებით ორივე მუნიციპალიტეტი ყოველდღიურად სუფთავდება და ირეცხება. შევქმენით სპეციალური დასუფთავების სამსახური, რომელიც ამ ყოველდღიური სამუშაოების გარდა, როგორც ჭიათურაში, ასევე ზესტაფონში, პერიოდულად სადეზინფექციო სამუშაოებსაც ატარებს. ამის განსაკუთრებული საჭიროება პანდემიის პერიოდში დადგა და აღნიშნული პროცესი ორივე მუნიციპალიტეტში ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება.

ასევე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნაში 22.5 მეგავატიანი ღუმლის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დავასრულეთ და ის ექსპლუატაციაში გავუშით. პროექტის განხორციელებას 6 თვე დასჭირდა. ღუმელი დღეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას უშვებს, რამაც აქამდე არსებული საწარმოო მოცულობა 10%-ით გაზარდა.

ჭიათურაში საკმაოდ მნიშნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წიაღისეულის უკანონო მოპოვების და გარემოს დაცვითი სტანდარტების დარღვევების პრევენციის კუთხითაც. ფაქტობრივად, ბოლომდეა აღმოფხვრილი მადნის მიტაცების მანკიერი პრაქტიკა.

ამას ემატება ის უამრავი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი, რომელსაც, წლების განმავლობაში, ორივე რეგიონისთვის სისტემატურად ვახორციელებთ. მხოლოდ ზესტაფონში და მის მუნიციპალიტეტში, ბოლო ერთ წელიწადში, 25 000 ნერგი დავრგეთ. ამავე ქალაქში განვახორციელეთ 4 500 მეტრიანი ქარსაცავი ზოლის მოწყობა, რომლის მიზანი და დანიშნულებაც საწარმოსთან ტერიტორიულად ყველაზე ახლომდებარე დასახლების სამრეწველო მტვრის ნაწილაკებისაგან დაცვაა.

და ბოლოს, გასულ წელს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი საპილოტე პროექტი განახორციელა, რომლის შედეგად, ჭიათურაში, 29-ე ფაბრიკიდან მდინარეში შლამების ჩაშვება სრულად გამოირიცხა. მივაღწიეთ იმას, რომ წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარეში აღარ ჩაედინება, წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე ხდება, რეცხვის შედეგად მიღებული პროდუქტი, იგივე შლამი კი შრება და კომპანია მას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებს. აღსანიშნავია, რომ საწარმოს წყლის დახურული ციკლის პრინციპით ფუნქციონირება, ერთ-ერთი იმ დაპირებათაგანი იყო, რომელიც ეკოლოგიური პირობების დაცვის თვალსაზრისით გავეცი და როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ჩემს გეგმაშიც იყო ასახული. საბოლოოდ, პროექტმა გაამართლა და ძველი ფაბრიკის ტერიტორიაზე, სადაც ეს ახალი ტექნოლოგია დავნერგეთ, საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა საერთოდ აღარ აქვს. გეგმის თანახმად, პროექტს ეტაპობრივად, ჭიათურის ყველა ფაბრიკაში განვახორციელებთ. იმედი მაქვს, რომ ყვირილას დაბინძურების საკითხს საბოლოოდ გადავჭრით.

რა სახის მოუგვარებელი ეკოლოგიური პრობლემები დაგრჩათ და რატომ გახდა საჭირო ვადის კიდევ სამი წლით გაგრძელება?

წლების მანძილზე იმდენი ეკოლოგიური პრობლემა იყო დაგროვილი, რასაკვირველია, ყველა მათგანს ერთდროულად ვერ მოვერეოდით, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ვადის გახანგრძლივება საჭირო და იმ კურსის გაგრძელება და შესრულება რომელიც დასახული გვქონდა. ჩემი მმართველობის პერიოდში გადადგმული ნაბიჯები სასამართლოს მიერ დადებითად შეფასდა და გადაწყდა, რომ დაწყებული პროექტები სისრულეში მომეყვანა - მიზანი არის ერთი, გარემოზე მიყენებული ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს.

რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, იგეგმება ახალი საწარმოების შექმნა. ვგეგმავთ შლამების გადასამუშავებელი ახალი ქარხნის მშენებლობას. ასევე, მნიშვნელოვანია შლამსაცავის მოწყობის საკითხიც, უკვე განსაზღვრულია ტერიტორიაც - ღურღუმელას შლამსაცავი, სადაც ტრანსპორტირება სპეციალური შლამსადენებით მოხდება. რა თქმა უნდა გაგრძელდება რეკულტივაციების სამუშაოებიც და ყველა ის პროექტი, რომელიც ჩემი მმართველობის პერიოდში, ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად დაიწყო და ჯერ კიდევ პროცესშია.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები