აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს შეხვდა.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო.
„შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მთავარი საკითხი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესსა და მზაობაზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა სამხარაძემ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ირანში მიმდინარე მოვლენებსა და მათ გავლენას როგორც საქართველოზე, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო „შუა დერეფნის“ განვითარება და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.




























