"ნიკორა ტრეიდი" დედაქალაქში მასშტაბურ ლოგისტიკურ ცენტრს გახსნის, რომლის მშენებლობაც, ორ წელიწადში უნდა დასრულდეს. ინფრასტრუქტურა, რომელიც აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა.
როგორც "ნიკორას" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა BMGTV-ის "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნა, ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
"43 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე ჩვენი მაღაზიების ქსელისთვის ლოგისტიკური ცენტრის აშენება უკვე დავიწყეთ. ტერიტორია უკვე მოსწორებულია და ახლა საძირკვლის სამუშაოები დაიწყება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით ორ წელიწადში უკვე გვექნება სუპერ თანამედროვე, საქართველოში ყველაზე დიდი ლოგისტიკური ცენტრი.
საწყობში შენახული პროდუქციის მართვის სისტემა საკმაოდ რთულია, რის გამოც ჩვენ ახლა ვტესტავთ ახალ ტექნოლოგიას შედარებით პატარა 8 000 კვადრატულ მეტრიან საწყობში. ყველაფერს წინასწარ გავდივართ, რათა იმ მომენტისთვის მზად ვიყოთ. ყველა პროცესი იქნება ავტომატიზებული, დაცული იქნება FIFO (First In First Out) ისე, რომ ადამიანი არც კი ფიქრობს, პროგრამამ თავად იცის, საიდან უნდა წამოიღოს პროდუქტი", - ამბობს ირაკლი ბოქოლიშვილი.
ლოგისტიკური ცენტრის გახსნამდე, "ნიკორას" უახლესი პროექტი ხორცპროდუქტების ახალი საწარმოა, რომელიც 25 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა. გენერალური დირექტორის თქმით, ინფრასტრუქტურა, რომელშიც 45 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, კომპანიას ასორტიმენტის განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
"ქარხნის მოცულობა დაახლოებით 6 000 მ²-ია, ამიერკავკასიაში ეს ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი საწარმოა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით: ენერგოეფექტური დანადგარები, მზის პანელები სახურავზე - რომელიც უზრუნველყოფს მოხმარების დაახლოებით 20%-ს - RFID კონტროლის სისტემა და ა.შ. ეს რეალურად ნიშნავს იმას, რომ თუ ასეთი ულტრათანამედროვე ქარხანა აღმოსავლეთ ევროპაში არსებობს, ალბათ, ერთი-ორი. ეს არის ბოლო სიტყვა ტექნოლოგიებში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ქარხანა შეიძლება საქართველოსთვის სავიზიტო ბარათად გამოდგეს, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ესმით, რა არის ხორცპროდუქტების წარმოება.
ასორტიმენტში აუცილებლად იქნება ცვლილებები. რასაკვირველია, ტრადიციულ პროდუქტებს არ შევეშვებით და მათი განვითარება გაგრძელდება, მაგრამ განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება ნედლად შებოლილ და ნედლად დაძველებულ პროდუქტებზე. ძველ ქარხანაში თუ ორი ცალი კლიმატ-კამერა გვქონდა, ძალიან პატარები, რომლითაც ნედლად შებოლილ პროდუქციას ვაწარმოებდით, აქ უკვე ექვსი კამერა დგას და თვეში 30 ტონის წარმოება შეგვიძლია. ეს არის დელიკატესი პროდუქტი, ყველაზე ჯანსაღი და ის, რაც წარმოადგენს კომპანიის სახეს რეალურად: პრემიუმ პროდუქტი, რომლითაც შეგიძლია იამაყო", - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
ცნობისთვის, "ნიკორა ტრეიდის" ლოგისტიკური ცენტრის ინვესტიცია ამ დროისთვის უცნობია. თუმცა BMG-სთვის ცნობილია, რომ კომპანიის მიერ 2025 წელს განთავსებული 120 მილიონ ლარიანი ემისიის ორივე ტრანში, 60-60 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციებით, სრულად ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისკენაა მიმართული.




























