მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკორწმინდაში $150 000-ის ინვესტიციით ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა

63e6566187e19
სალომე ხიდურელი
11.02.23 22:30
2668
რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა. როგორც „საყუდელას“ დამფუძნებელი არჩილ გურგენიძე BM.GE-სთან ამბობს, სამსართულიანი კოტეჯი უკვე მზად არის, რომ დამსვენებელს უმასპინძლოს.

მისივე თქმით, 80 კვ/მ-იანი კოტეჯი რვა სტუმარზეა გათვლილი, პირველი სართული ლაუნჯსივრცეს ეთმობა, მეორე და მესამე სართულებზე კი, საძინებლებია განთავსებული.

„ჩვენი პირველი კოტეჯის მშენებლობა უკვე დასრულებულია. საკომუნიკაციო არხები შევიყვანეთ. გაზისთვის გარეთ დამონტაჟებულ რეზერვუარს ვიყენებთ. გათბობისათვის კი - შეშის ბუხარს. ამ დროისთვის ერთი, რვა პერსონაზე გათვლილი კოტეჯი გვაქვს, თუმცა გაზაფხულზე უფრო დიდი, თერთმეტ სტუმარზე გათვლილი სივრცის მშენებლობასაც დავასრულებთ. გეგმაში გვაქვს ეზოში სხვადასხვა ტიპის გასართობი ინფრასტრუქტურა ავაშენოთ, როგორებიცაა, მაგალითად, საბავშვო სივრცე. ეზოს ფართობი 1 500 კვ.მ-ია.

ჩვენი მიზანი ტურისტისთვის მხოლოდ დასაძინებელი სივრცის შეთავაზება არ არის. გვინდა, დამსვენებელს რაჭის გასაცნობად სხვადასხვა სახის ტური შევთავაზოთ; იცოდეს სტუმარმა, როგორ გაატარებს ყოველ მომდევნო დღეს ჩვენთან“, - აცხადებს არჩილ გურგენიძე.

კითხვაზე, არის თუ არა რაჭის რეგიონი მზად, ტურისტებს უმასპინძლოს, „საყუდელას“ მფლობელი აღნიშნავს, რომ გარკვეულ სერვისებზე რაჭაში მოთხოვნა მიწოდებაზე გაცილებით მაღალია.

„მიუხედავად იმისა, რომ რაჭისთვის ყველაზე დატვირთული სეზონი ზაფხულის თვეებია, დამსვენებლის ნაკლებობა არც შემოდგომა-ზამთარში შეინიშნება. დასარჩენი ადგილების მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ $150 000-იანი ინვესტიციის ჩადება ამ პროექტში ღირდა", - ამბობს არჩილ გურგენიძე.

„საყუდელას“ დამფუძნებელი BM.GE-სთან ინტერვიუში რეგიონში კოტეჯის მშენებლობის სირთულეებზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ რაჭაში მუშა-ხელის ადგილობრივად მოძიება ძალიან რთულია.

ინფორმაციისთვის: რვა დამსვენებელზე გათვლილ კოტეჯში ერთი ღამის გატარების ფასი 300-დან 450-ლარამდე მერყეობს, ხოლო 11 დამსვენებელზე გათვლილი სივრცის დღიურ ღირებულებად 550 ლარია ნავარაუდები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები