25 სექტემბერს არაგადამდები დაავადებების შესახებ გაეროს ასამბლეის უმაღლესი დონის რიგით მეოთხე შეხვედრაზე ახალი რეზოლუციის პროექტი წარადგინეს, რომელიც აშშ-ს წინააღმდეგობის გამო ვერ დამტკიცდა.
ჯანდაცვის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტის, ქლაივ ბეითსის შეფასებით, დეკლარაციის მონახაზი აჩვენებს, რომ გაეროს მხრიდან არაგადამდები დაავადებების შემცირების ძალისხმევა იდეოლოგიურად მოტივირებულმა აქტივისტებმა მიიტაცეს, რომლებიც თამბაქოს კონტროლის ძირითად პრობლემას ახლებურად სახავენ და მთავარ წინაღობად არა მოწევასა და კვამლს, არამედ ნიკოტინს ასახელებენ.
ქლაივ ბეითსი დეკლარაციის საბოლოო შინაარსს სამი ძირითადი მიგნებით აკრიტიკებს:
I - დეკლარაცია თავს არიდებს მოწევასთან დაკავშირებული არაგადამდები დაავადებების მთავარ გამოწვევ მიზეზს, რაც არის თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვა და არა - თავად თამბაქო ან ნიკოტინი. მძიმე ტოქსიკურობას წვის პროდუქტები განაპირობებს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ნიკოტინის მაღალრისკიანი მოხმარებიდან (მოწევიდან) დაბალრისკიან (უკვამლო) მოხმარებაზე გადასვლაა, რასაც დეკლარაცია სრულად უგულებელყოფს.
II - ნიკოტინისა და თამბაქოს ერთმანეთში დაუდევრად არევა, რითაც ნაგულისხმევია, რომ ნიკოტინის მოხმარება (რის ქვესიმრავლესაც თამბაქოს მოხმარება წარმოადგენს) ახლა მთავარი სამიზნეა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკოტინი ამოიძირკვება - ადამიანები მას ფსიქოაქტიური ეფექტებისთვის იყენებენ, და მისი მიწოდება ადამიანების მოთხოვნის შესაბამისად გაგრძელდება.
III - დეკლარაციის ტექსტის შინაარსი ნაკლოვანია ძირითადად იმის გამო, რაც მას აკლია. თუკი მიზანს არაგადამდები დაავადებების შემცირება წარმოადგენს, მაშინ როგორ მოხერხდა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სახელმწიფოების, აკადემიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამაში ჩადებულმა ერთობლივმა რესურსებმა სრულად უგულებელყო შესაძლებლობა, ნიკოტინის წვადი პროდუქტების მოხმარებიდან უკვამლო ნიკოტინის პროდუქტების მოხმარებაზე გადასვლასთან დაკავშირებით? ვერ ვიტყვით, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ ეს მოსაზრება ტექსტში საერთოდ არ გვხვდება.
“პრობლემის ცხადი ფორმულირების გარეშე, როგორ შევძლებთ, რომ ოდესმე ეფექტიანი გამოსავალი ვიპოვოთ? ნიკოტინის პრობლემის ნაწილად დასახელება გამოსავლების პოვნას გაართულებს და პროგრესს შეანელებს,” - წერს ბეითსი.
ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი უარყოფს, რომ რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში ნიკოტინზე აქცენტების გაკეთება შემთხვევითობით შეიძლება აიხსნას, არამედ მიიჩნევს, რომ ეს ფორმულირება მოლაპარაკებების დაწყებიდან (2025 წლის მაისიდან) დღემდე “მიზანმიმართულად შემოიღეს.”
“ნიკოტინზე ფოკუსირებული ფორმულირება შემთხვევითობის ან არასათანადო რედაქტირების შედეგი არ არის; ის 2025 წლის მაისიდან, მოლაპარაკებების განმავლობაში მიზანმიმართულად შემოიღეს. იმიტომ არსებობს, რომ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ის შემოიღო. ახლა კი პრობლემას ეს ადამიანები წარმოადგენენ,” - წერს ბეითსი.
რაც შეეხება რეზოლუციის მიზნებსა და გეგმებს, ბეითსს ეჭვი ეპარება დასახული მიზნების მიღწევაში: “2030 წლისთვის არაგადამდები დაავადებების ერთი მესამედით შემცირების გლობალური ძალისხმევა თამბაქოს კონტროლის იდეოლოგებმა მიიტაცეს. ეს კარგად არ დასრულდება.”




























